გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტების მინისტრს აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ სუბაიეს შეხვდა.
დოჰაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ კატარის მუნიციპალიტეტების მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა საინვესტიციო პროექტის, იმერეთის აგროზონის შესახებ.
როგორც ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყურის ქვეყნებში ქართული კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ბაზარზე დამკვიდრება, მათ შორისაა, ქართული თაფლი, თხილი, მშრალი ხილი, ლურჯი მოცვი და ცხვრის ხორცი.
აღინიშნა, რომ ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქტის წარმოების ხელშეწყობისთვის, საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც თავისთავად ზრდის ინტერესს საერთაშორისო ბაზრებზე.
მინისტრმა აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ სუბაიემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ კატარის სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებით და აღნიშნა, რომ ქართული ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქტის ცნობადობა ბოლო ორი წელია გაიზარდა. კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტების მინისტრთან გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა.