საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის, მინდია ჯანელიძის განცხადებით, იმ ობიექტს, რომელზეც ტრისტან წითელაშვილი იმყოფებოდა, საიდუმლო სტატუსი არ ჰქონია.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციები, რომ ინფორმაცია არ მიეწოდა შესაბამის ორგანოებს "აბსურდის თეატრია".
„ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ან არ იცის რომ ამ ობიექტს არ ჰქონია საიდუმლო სტატუსი, ან შეგნებულად იტყუება. იმ ობიექტს, სადაც დარღვევა მოხდა, არ ჰქონია საიდუმლო სტატუსი. რაც შეეხება დარღვევაზე რეაგირებას, ეს ერთ დღეში არ ხდება. ჩემი მინისტრობის დროს, გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა და დავუტოვეთ დასკვნა მომავალ მინისტრს, რაზე დაყრდნობითაც მიიღო გადაწყვეტილებები.
ეს შემთხვევა არის სარეჟიმო წესების დარღვევა, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება აქვს, რომელიც მოხდა. არ ვიყავით ვალდებული, რომ კანონით დადგენილზე მეტით გვეცნობებინა ვინმესთვის ეს ინფორმაციები. ეს ყველაფერი არის აბსურდის თეატრი, პოლიტიკურ პროვოკაციაზე დაფუძნებული ფაქტი და ამის შესახებ მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ", - განაცხადა ჯანელიძემ.