საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. დოჰაში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Agriteq 2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა.
საერთაშორისო გამოფენაში 15-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს: აგროქიზიყი, აგროლეინი, ანიგოზა, NUTS.GE, კერკი, გეო ნატურალი, გორჯი, ჯეო ორგანიკი, აუგუსტი, კამპა, სნო, კობი, ალალი, ზეთისხილი. აღნიშნული კომპანიების მიერ გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული ვაშლი, კაკალი, მოცვი, მშრალი ხილი, ზეთისხილი, შეციებული ცხვრის ხორცი, თაფლი, ორგანული წვენები და სხვა.
ნინო თანდილაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია მაღალკონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა და ბაზრების დივერსიფიცირება.
„ქალაქ დოჰაში, საერთაშორისო აგროგამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არის შესაძლებლობა ქართული აგროპროდუქციის მწარმოებლებისთვის, მოახდინონ საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის ექსპორტი. ამ მიმართულებით მთავრობის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, გალფის ქვეყნებში, ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია. განსაკუთრებით ეს ეხება კატარსა და საუდის არაბეთს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ, ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად, მსგავსი ღონისძიებები გაგრძელდეს.
გამოფენის ფარგლებში, ნინო თანდილაშვილმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო ბიზნესკომპანიის ხელმძღვანელებთან.
გამოფენის გახსნის ღონისძიებას, მინისტრის მოადგილესთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კატარის სახელმწიფოში, ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა. მისი განცხადებით, საქართველოდან ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდაზე საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში აქტიურად განაგრძობს მუშაობას.
„ბოლო 2 წლის განმავლობაში, ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და სავაჭრო ცენტრებთან თანამშრომლობით, დაახლოებით, ათობით ქართული კომპანიის 50-მდე სხვადასხვა დასახელების ქართული პროდუქცია განთავსდა კატარის სავაჭრო დახლებზე. ჩვენი კომპანიების აქ ყოფნა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გამოფენას ესწრება ყურის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნიდან: საუდის არაბეთიდან, საემიროებიდან, ბაჰრეინიდან, ჰუმანიდან, დაახლოებით, 500-მდე სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიისა და სავაჭრო ქსელის წარმომადგენელი, რაც კარგი შესაძლებლობაა ჩვენი კომპანიებისთვის მათთან საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად“, - განაცხადა ნიკოლოზ რევაზიშვილმა.
Agriteq ყურის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც მრავალი ათასი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობას 50 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. Agriteq 2022 წლის 14 მარტს დასრულდება.