logo_geo
eng_logo
ქართული პოლიტიკური საროსკიპო რენტგენში
- +

12 მარტი. 2022. 16:37

წერილი მეორე - დასასრული

 

თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებლად მიმაჩნია მის მიზეზ-შედეგობრივ კონტექსტზე საუბარი: ზემოთ აღვნიშნე, რომ ქმედება კანონით (ან სხვა რამით) თუ არ არის შეზღუდული, მისი დამაზიანებელი გავლენა შეიძლება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იყოს. ნაცმავნებლების ღალატის მასშტაბების ზრდა სწორედ იმით არის განპირობებული, რომ მათი „მოღვაწეობის“ პერიოდში ჩადენილი ყველაზე დიდი ღალატისთვის, სამშობლოს გამყიდველობისთვის, არ მოეთხოვათ კანონისმიერი პასუხი (მათზე მორალური წნეხი და დამუნათებები არ ჭრის, რადგან ამ კატეგორიებიდან და პასუხისმგებლობისგან „დაბადებით თავისუფლები“ არიან).

 

 

ვითარებიდან გამოსავალიც სწორედ ამაში მდგომარეობს. აქამდე ვფიქრობდით, რომ 2008 წლის ომის გარემოებების შიდა გამოძიებას ევროგამოძიება აფერხებდა. ბუნებრივია, „იქაური“ შედეგები „აქაურზე“ მნიშვნელოვანი იქნებოდა, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. იმ ავადსახსენებელი დღეებიდან თითქმის თოთხმეტი წელი გავიდა.   ევროპროკურორის დასკვნის ლოდინში, რომ იტყვიან, ცხოვრება დამთავრდა. სამართალი ურმიდან გადაგორდა და სადღაც ორღობის ეკალბარდებშია გაჩხერილი. ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნისა და ევროსაბჭოს ცნობილი რეზოლუციის შინაარსიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ აგვისტოს ომს ორი დამნაშავე ჰყავს - დიდი დამნაშავე, რუსეთის პუტინისტური რეჟიმის სახით და პატარა დამნაშავე, სააკაშვილის კაგებეშნიკური ფესვების მქონე ნაცხროვის სახით, მაგრამ სიმართლისთვის თავის დადგმას, ფაქტია, ევრომეგობრები არ ჩქარობენ.

 

 

რატომ და რისთვის? - ამის განხილვა შორს წაგვიყვანს და სასურველ შედეგს უფრო დაგვაშორებს. შექმნილი ვითარება და აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი საფრთხეები გვავალდებულებს, გარკვეული ინიციატივები ჩვენ თავზე ავიღოთ. რუსეთის ხელისუფლების დანაშაულების გამოძიება ჩვენ ძალებს აღემატება, მაგრამ ხელს არაფერი გვიშლის, ხელის გულზე გავარვარებული ნაკვერჩხალივით დადებულ, აუტანელი ტკივილის მომგვრელ ღალატს ავხადოთ ფარდა. მხედველობაში მაქვს ევროსაბჭოს ზემოხსენებული რეზოლუციის ქვეყნის დამაზიანებელი ჩანაწერების მხარდაჭერა ნაცდელეგაციის მიერ.

 

 

სავარაუდო დამნაშავეებს აუცილებლად მოუწევთ ძიების ორი სავარაუდო შედეგიდან ერთ-ერთის აღიარება: ან საქმე გვაქვს ღალატთან, რაც ომის დაწყებაში და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ კასეტური ბომბების გამოყენებაში საკუთარი ქვეყნის უსაფუძვლო (უსამართლო) დადანაშაულებას გულისხმობს; ან ომის დაწყება და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ კასეტური ბომბების გამოყენება შემდგარი ფაქტია და მის, ანუ მძიმე დანაშაულის იძულებით აღიარებასთან გვაქვს საქმე.

 

 

მართალია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ, ან იქნებ უფრო იმიტომაც, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ, არ შემიძლია უკმაყოფილება არ გამოვხატო იმ გაუთავებელი პრეტენზიებისა და წამოძახებების გამო, რომელიც, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, რამდენიმე წელია გვესმის მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან ნაცმოღალატეების მისამართით. საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი თანდათან, დროთა განმავლობაში, იაფფასიან ბელეტრისტიკად იქცა. როცა ხარ ხელისუფლება, არათუ შეგიძლია, არამედ გევალება იმოქმედო და შესაძლო კანონდარღვევა გამოააშკარავო, რადგან დაუსჯელი დანაშაული, როგორც წესი, ახალი დანაშაულების წყარო ხდება ხოლმე და ამის მოწმე ვართ ყოველდღიურ რეჟიმში.

 

 

„უკვე თოთხმეტი წელი გავიდა“, ვითარებას არ ცვლის და მომხდარზე შესაბამისი რეაგირების აქტუალობას არ ამცირებს. საქმე გვაქვს ისეთ დანაშაულთან, რომელიც დროში არ ძველდება. ვიმეორებ, ერთადერთი, რაც სიმართლისთვის ნათელის მოფენას სჭირდება, ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა. 

 

 

ხისტი მიდგომების მომხრე არასდროს ვყოფილვარ. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, როცა ქალბატონი ევროპროკურორი „აგრძელებს მუშაობას“, ხოლო მისთვის განსაზღვრული დედლაინი უცნობია, ყველაზე რაციონალურ და ყველაზე ქმედით მექანიზმად მესახება საქმის დაძვრა საპარლამენტო კომისიის ფორმატში და შემდეგ როგორც წესი მოითხოვს - შეგროვილი მასალა გადაეცემა პროკურატურას და ა.შ. და ა.შ. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში - ისედაც ბევრი დრო დაიკარგა.

 

 

ეს ნაბიჯი, ერთი მხრივ, საზოგადოებაში განამტკიცებს რწმენას, რომ სამართალი აუცილებლად იზეიმებს და მეორე მხრივ, სავარაუდო დამნაშავეებს მიუჩენს თავის საკადრის ადგილს. გარდა ამისა, იმედია, ქალბატონი ევროპროკურორიც იძულებული გახდება, დააჩქაროს თაროზე შემოდებული პროცესი. თუ არადა, ღმერთმა თავის გზაზე გაუმარჯოს, ჩვენ პრობლემებს თვითონ მივხედავთ.

 

 

მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებას უნდა მოეთხოვოს, მედიის შესახებ დაპირებული კანონის ინიცირებაა. წალეკა მასობრივი საინფორმაციო სივრცე მორალურმა ძალადობამ, ცილისწამება იქნება ეს თუ შეურაცხყოფა. მტრობა, სიძულვილი, ბილწსიტყვაობა, შუღლის თესვა და ისევ და ისევ ღალატი - აი, დღევანდელი ქართული „ჟურნალისტიკის“ სახე და შინაარსი. ეს არც სიტყვის თავისუფლებაა და არც გამოხატვის თავისუფლება. ეს არის უკიდეგანო ასპარეზი ქართული პოლიტიკური პროსტიტუციისთვის. ამ ფონზე ქვეყანა ვერ განვითარდება. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. საბედნიეროდ, ამ სფეროში არსებობს საუკეთესო ფრანგული და ბრიტანული გამოცდილება(!), რომლის ქართულ რეალობაზე მორგებაც არ უნდა იყოს საძნელო საქმე.

 

 

ყველანი ვთანხმდებით, რომ ერთადერთი შიდა პრობლემა, რაც ხელს უშლის ქვეყნის ნორმალურ განვითარებას, ნაცმოძრაობის პოლიტიკური საროსკიპოა, თავისი სხვადასხვა სახისა და სხვადასხვა დანიშნულების მქონე მრავალი „ფილიალით“. ბევრი იტყვის და სამართლიანადაც, გარე მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეთ, საქმეს აქამდეც მოევლებოდაო. ისტორია გვასწავლის, ადრე თუ გვიან, წესის, კანონისა და სიმართლის წინაშე ყველა უძლური ხდება, მთავარია, დრო და მომენტი იყოს სწორად შერჩეული. 

 

 

პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღების, ანუ მისი კარდინალურად შეცვლის რეცეპტები, როგორც ხედავთ, არსებობს. ამის მაგალითი ტრადიციული დემოკრატიის სახელმწიფოებია. ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ირწმუნა, რომ გასული წლის ნოემბერში დაწყებული დიდი მოლოდინების სამწლიანი (ყველა დონის არჩევნებისგან თავისუფალი) პერიოდი დიდი გარდატეხის პერიოდად იქცევა. ამის რესურსი ნამდვილად არსებობს.  

 
 

ბიძინა დვალი

11.03.2022 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner