logo_geo
eng_logo
„შინდისელი გმირები!“ ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს“
- +

8 აგვისტო. 2016. 15:38


 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შინდისის გმირების შესახებ წერს:


„შინდისელი გმირები!" ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს, ჩვიდმეტიდან ერთადერთი საღ-სალამათი ჯარისკაცი, რომელსაც შეუძლია გაქცევა, მუხლებზე დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს.

 

„მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი", - ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, „ლიმონკა" მაქვს და თავს ავიფეთქებთ. ეს თვითმკვლელობა არ იქნება.

 

მე ვილოცებ, თქვენ თუნდაც გულში გაიმეორეთო და... ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმის „მამაო ჩვენო". ლოცვის დასრულების შემდეგ მცირე პაუზა იყო და უცებ ყველაფერი წამებში მოხდა, აფეთქებამ ანგელოზის ხმაც წაშალა და ისიც, ვისი ყელიდანაც ის ხმა ამოდიოდა.

 

აღარც ის დაჭრილი ჩანდა, მეგობრის მუხლებზე რომ ედო თავი. ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა გულში ჩახუტებული ნათლული, კიდევ ერთი ღირსეული ვაჟკაცი რომან ზოიძე. გამუდმებით ეხვეწებოდა ნათლული ნათლიას, ეს არ ქნა, წადი, მე მაინც არაფერი მეშველება და ჩემი სულისთვის ილოცეო. „არა", - კბილებში გამოცრა თურმე გმირმა", - წერს ნინო ჯღარკავა.


„ალეკო მობილური ტელეფონით მოძღვართან დარეკვას ცდილობდა, სურდა, საკუთარი თავისა და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა. ასე გალობითა და ლოცვით გადავიდა იმიერ საქართველოში, ჩვენ კი ვაჟკაცობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვა", - ამბობენ თვალცრემლიანი შინდისელები.


„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულის კაცები და ვაჟკაცები, ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს", - ამ ლექსის ავტორი 11 აგვისტოს დაღუპულთაგან ერთ-ერთია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner