logo_geo
eng_logo
აშშ-ის ჰელსინკის კომისია ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინასა და საქართველოს NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭოს
- +

13 მარტი. 2022. 12:39

 

 

აშშ-ის ჰელსინკის კომისია პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, მიანიჭოს უკრაინას და საქართველოს NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის (MNNA) სტატუსი. შესაბამის წერილს გამოცემა „Foreign Policy“ ავრცელებს. მას კონგრესმენები სტივ კოენი, ჯო უილსონი და რიჩარდ ჰადსონი აწერენ ხელს.

 

ამერიკელი კანონმდებლები ასევე მოუწოდებენ აშშ-ის ადმინისტრაციას, გააძლიეროს ამ ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა.

 

„თქვენი ადმინისტრაციის რეაგირებაა უკრაინის დახმარება, დაიცვას საკუთარი თავი, თუმცა ჩვენ მოგიწოდებთ დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმისკენ უკრაინასთან ჩვენი სამხედრო სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერებლად მისთვის NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭებით. საქართველოს, რომელსაც არ აქვს საკმარისი უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან და რუსული ოკუპაციისა და საფრთხეების წინაშე დგას, ასევე უნდა მიენიჭოს NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი. ამ სტატუსის მინიჭება თავდაცვის სფეროში ჩვენი ამჟამინდელი თანამშრომლობის ჭეშმარიტი გამოხატულებაა და ასევე არ ავალდებულებს აშშ-ს სამხედრო მოქმედებებს“, - ნათქვამია წერილში.

 

კონგრესმენები აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინასა და საქართველოს NATO-ში გასაწევრიანებლად უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

 

კონგრესმენების მოსაზრებით, ამ საკითხში აშშ-ის არასაკმარისი მხარდაჭერა პუტინს თავისი ნეოკოლონიალური მიზნების განხორციელების საშუალებას მისცემს.

 

„აშშ-მა უფრო აქტიური პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ აშშ მუდმივად მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას NATO-ში, რუსეთის ოკუპაციამ და მიმდინარე აგრესიამ გამოააშკარავა ევრო-ატლანტიკური სივრცის გაფართოების ხანგრძლივად შეჩერებული პროცესის ტრაგედია. საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე აშშ-ის ძლიერი და პროაქტიული მხარდაჭერის გარეშე, პუტინი გააგრძელებს თავისი უპირატესობის გამოყენებას საკუთარი მიზნების შესასრულებლად – თავდაყირა დააყენოს ევროპის უსაფრთხოება და თანამშრომლობა და სისრულეში მოიყვანოს თავისი ნეოკოლონიალური დღის წესრიგი“,- ნათქვამია კონგრესმენების წერილში, რომელიც უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიას ეხება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner