თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების დარეგულირებისთვის.
სესიაშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წლამდე მეტ-ნაკლებად დალაგებული ურთიერთობა, აგვისტოს ომმა გაამწვავა.
„ბატონი პრემიერის განცხადებას გამოვეხმაურები. მართლაც, 2008 წლისთვის, მეტ-ნაკლებად, ის ტკივილი, რაც ერთმანეთის დაპირისპირების პროცესში განვიცადეთ, შენელებული იყო და გარკვეული სიგნალები არსებობდა, გამოძებნილიყო ფორმა, როგორ შეიძლებოდა, მომხდარიყო ჩვენი ისევ გაერთიანება აფხაზ და ცხინვალში მცოხვრებ მოსახლეობასთან ერთად.
ომმა ეს ყველაფერი დაანგრია. რაღაც ეტაპზე, აფხაზებსაც და ოსებსაც გაუჩნდა განცდა, რომ მათ შეიძლება, ჰქონდეთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმონაქმნი. ოკუპირებულია საქართველოსთვის არა მარტო სამაჩაბლო და აფხაზეთი, არამედ აფხაზებისთვის და ოსებისთვისაც. ეს არის რეალობა. აქ ვართ ერთიანები. დღეს გაცილებით უფრო კარგი მდგომარეობა გვაქვს ურთიერთობაში. აფხაზებმაც და ცხინვალში მაცხოვრებელმა მოსახლეობამაც დაინახა, რომ ერთადერთი გადარჩენის გზა საქართველოზე გადის. ჩვენ მათ უკეთეს მომავალს ვთავაზობთ.
ისინი ხედავენ, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, უფრო მზად, ვიდრე - გუშინ. უფრო მზად ვიქნებით ხვალ. შეიძლება, სააკაშვილმა მათ ბევრი რამე შესთავაზა, მაგრამ არც აფხაზებს და არც ცხინვალში მცხოვრებლებს ამის განცდა არ ჰქონიათ. პატიმარს ვერ დაელაპარაკებით თავისუფლებაზე, ვიდრე ის თავისუფალი არ გახდება. დღეს აფხაზები და ცხინვალში მცხოვრებლები ოკუპაციის ქვეშ არიან. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ შემთხვევაში, მათ სულიერ მზაობაზე. ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. პირველად, ბოლო ათწლეულების მანძილზე, ჩვენს ქალაქებში ჩამოდიან აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისვენებენ, კურორტებზე დადიან. მათ აქვთ ის განცდა, რომ მათი ქვეყანა არის საქართველო, რომელსაც შეუძლია, ერთის მხრივ, ერთიანი ქვეყნის განვითარება და სწორი მიმართულებით წაყვანა და ასევე, მათი უფლებების გათვალისწინება და გარანტირება", - განაცხადა სესიაშვილმა.