„პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ადვოკატი, დავით ხომერიკი აცხადებს, რომ „სასამართლო ყველა საქმეს უნდა მოეპყროს თანაბრად, თუმცა ჩანს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეების ამორჩევა ხდება".
„ერთ სარჩელზე გიამბობთ, რადგან მის გადაწყვეტაში ჩემი ინტერესიც დევს. საუბარია მხოლოდ ორ მუხლზე - ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე 273-ე მუხლი და 260-ე ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა პირადი მოხმარების მიზნით. აღმოჩნდა, რომ ამ მუხლების გასაჩივრებით თებერვლიდან დღემდე წელს 31 სარჩელია შესული საკონსტიტუციოში, მათ შორის 5 ფიზიკური პირის და მათი ადვოკატების მიერ, თითოში 9, 7 და 5 პიროვნების სარჩელია გაერთიანებული, ხოლო დანარჩენი 26 წარდგენილი აქვს უზენაეს სასამართლოს. ამ სარჩელებიდან 15 ადამიანია უკვე მსჯავრდადებული, ვინც სასჯელს სხვადასხვა სახით იხდის, ხოლო 24 პატიმარია. სხედან ციხეში და ელოდებიან გადაწყვეტილების მიღებას. 10 წელი ვმუშაობდი სასამართლოში და კარგად ვიცი, როგორ ნაწილდება საჩივრები და როგორ ხდება მათი განხილვა. მართლმსაჯულება არ ცნობს ასეთ ტერმინს, როგორიც არის გახმაურებული საქმე. არსებობს რთული და მოცულობითი საქმე. სასამართლო ყველა საქმეს უნდა მოეპყროს თანაბრად. არადა, ჩანს ისე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეების ამორჩევა ხდება", - აცხადებს ხომერიკი.
გაზეთის სტატიაში ასევე საუაბრია სხვა მაგალითებზე - მოქალაქე თენგიზ ლატარიამ სარჩელი 2014 წლის ივლისში შეიტანა. გასაჩივრებულია საქართველოს კანონის „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" ნორმა...
2015 წლის თებერვალში მიმართა საკონსტიტუციოს კომპანია „STRAMLINE HOSPITALITY PROPERTIES LIMITED"-მა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, მისი აზრით, არაკონსტიტუციურ ნორმას ასაჩივრებს...
არის კიდევ სხვები, რომელთა შესახებაც უკვე გაჟღერდა მედიაში: #550 კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც სასამართლოში 2013 წლის იანვარში შევიდა, #561 და #568 სარჩელები - 2013 წლის ივლის-დეკემბერში, #570 სარჩელი - 2013 წლის დეკემბერში, #580 სარჩელი - 2014 წლის მარტში, #595 სარჩელი - 2014 წლის მაისში და.შ.
#569 კონსტიტუციური სარჩელი (საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს აღდგენაზე) საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და გადაწყვიტა 4 თვის ვადაში, #574 კონსტიტუციური სარჩელი (გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) - 3.5 თვის ვადაში, ხოლო #646 კონსტიტუციური სარჩელი (გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) - 4.5 თვის ვადაში.
ზემოჩამოთვლილ არც ერთ სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია.