შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენელს, კაორი იშიკავას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის არსებული თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები.
ალექსანდრე დარახველიძემ და კაორი იშიკავამ განსაზღვრეს სამომავლო გეგმები და მიმართულებები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების კუთხით გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) მრავალი წელია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა, სექსუალური შევიწროება და სხვ.