დღეს, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ბიწმენდში, ზაქაროსა და ნიჩბისში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავი გვირგვინით შეამკო და მათი ოჯახები მოინახულა. დეპუტატი ოჯახის წევრებს გაესაუბრა, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მადლობა გადაუხადა მათი შვილების გმირობისთვის. მისი თქმით, ხელისუფლებამ განსაკუთრებულად დააფასა ომში დაღუპულთა ოჯახები და მათ 2014 წლიდან 1000-ლარიანი დახმარება ეძლევათ ყოველთვიურად.
„მართალია, ვერანაირი თანხით ამ ოჯახების ტკივილს ვერ განვაქარვებთ, მაგრამ ეს არის ხელისუფლების დამოკიდებულება ომში დაღუპულთა ოჯახებისადმი. ისინი გმირები იყვნენ და გმირებს შესაბამისი პატივი სჭირდებათ. საქართველოს ისტორია საგმირო საქმეებით, თუმცა, ვისურვებდი, რომ ტკივილიანი გმირები აღარ დაგვჭირვებოდეს. ჩვენ პირველი ხელისუფლება ვართ ბოლო 27 წლის მანძილზე, ვინც ომის გარეშე ვაცხოვრეთ ქვეყანა. დღეს სახელმწიფოს გონივრული საგარეო პოლიტიკა მართავს და ხალხმაც გაიგო სიმშვიდის ფასი. ყოველი წლის 8 აგვისტო ქართველი ხალხისთვის გაუაზრებელი პოლიტიკის მწარე მოგონება იქნება.
განსაკუთრებით მძიმეა დღევანდელი დღე მცხეთის რაიონისთვის, სადაც გვყვანან ახალგორის, დიდი და პატარა ლიახვის, ქურთის და სხვა დასახლებების დროებით გადაადგილებული პირები. როგორი უზრუნველი ცხოვრებაც არ უნდა შევუქმნათ მათ მცხეთის მიწაზე, საკუთარ ფუძეს მოწყვეტილნი მუდმივად ტკივილიან მოგონებებში იქნებიან. ჩვენი ვალია, მათ ეს ტკივილი შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ და უკან დაბრუნების იმედით განვაგრძოთ გონივრული სამშვიდობო პოლიტიკა", - განაცხადა ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძემ დღესვე წეროვანში, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო.