logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტრო ეროვნულ კინოცენტრში ჩატარებული აუდიტის მიერ გამოვლენილ დარღვევებს ასაჯაროებს
- +

15 მარტი. 2022. 15:06

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ სსიპ „კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში“ ჩატარდა შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტი, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. აუდიტორული

 შემოწმების შედეგად გამოვლინდა კინოცენტრის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათი,

 სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები, კონტროლის სისტემის არარსებობა და სხვა. მოცემული დასკვნა საქართველოს პროკურატურაში შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა, ხოლო სსიპ-ის ხელმძღვანელი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

ვინაიდან მოცემულ საკითხზე, გარკვეულ პირთა ჯგუფის მხრიდან, ადგილი ჰქონდა პოლიტიკური შეფერილობის სპეკულაციებს, კულტურის სამინისტრო აქვეყნებს იმ დარღვევების მოკლე ჩამონათვალს, რაც აუდიტორული შემოწმების შედეგად კინოცენტრში გამოვლინდა და რომელთა ნაწილიც, შესაძლოა,

 შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს:

  • მთელ რიგ შემთხვევებში, კინოცენტრის დირექტორის 2019 წლის 27 მაისის N101 ბრძანების ,,ფილმის პროექტის დაფინანსების, შექმნის და დასრულების ეტაპების აღწერილობის დამტკიცების თაობაზე“ მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით, კინოცენტრმა განახორციელა კონკურსში

 გამარჯვებული პირების მიერ შეძენილი ძირითადი საშუალებების დაფინანსება, რაც, შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს;

  • კინოცენტრის მიერ არასრულად ხორციელდებოდა კინოპროექტებისათვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების სათანადო კონტროლი (ხარჯთაღრიცხვის მუხლების ფაქტობრივ ხარჯებთან შესაბამისობის კონტროლი);
  • რიგ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა წარმოებაში ჩაშვებული ფილმებისათვის წესის დარღვევითა და დაუსაბუთებლად დამატებითი თანხების გაცემას;
  • ადგილი ჰქონდა საკონკურსო პირობებით დადგენილი წარდგენის ვადის გასვლის შემდგომ ისეთი პროექტის რეგისტრაციის ფაქტს, რომელიც გახდა კონკურსის გამარჯვებული;
  • შესამოწმებელ პერიოდში, პროექტების განხილვაში მონაწილეობდა კინოცენტრის დირექტორი გ. ჩხეიძე, რომელიც იმავდროულად წარმოადგენდა ერთ-ერთი პროექტის, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორს და, აგრეთვე, ამ პროექტის დაფინანსების მიმღები ორგანიზაციის - ა(ა)იპ

 „პრომეთე“ დირექტორს. არ არის გამორიცხული, მოცემულ ინტერესთა კონფლიქტს შეექმნა ხელსაყრელი წინაპირობები და გავლენა მოეხდინა კინოცენტრის გადაწყვეტილებაზე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, გ. ჩხეიძის

 ქმედებებში შეიცავდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს;

  • უმეტეს შემთხვევებში, კინოცენტრის მიერ ფილმის წარმოებისთვის დაფინანსება განხორციელდა ისე, რომ დაფინანსების მიმღებ კანდიდატს საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენილი ალტერნატიული დაფინანსების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, არ დასტურდებოდა ფილმის საერთო

 ბიუჯეტის მინიმუმ 25%-ის ალტერნატიული დაფინანსების არსებობა, რითაც დარღვეულია „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვით „სახელმწიფო დაფინანსების წილი ეროვნული ფილმის დაფინანსებისას

 არ უნდა აღემატებოდეს ფილმის საერთო ხარჯთაღრიცხვის 75%-ს“;

  • აუდიტის პერიოდში არ არსებობდა ალტერნატიული დაფინანსების ხარჯვის დადასტურების კონტროლის მექანიზმი (ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან აუდიტის დასკვნა), რასაც შესაძლოა გამოეწვია სახელმწიფო თანხების არაეკონომიური და არაეფექტური ხარჯვა;
  • რიგ შემთხვევებში სახელმწიფო შესყიდვებთან ან სხვა ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტები გაფორმებულია სამართლებრივი ხარვეზებით ან შედგენილი უნდა იყოს მას შემდეგ, რაც სამინისტრომ აუდიტორული შემოწმება დაიწყო (არასწორად ან გვიანდელი რიცხვით დათარიღებული

 დოკუმენტები, ხელმოუწერელი წერილები და ა.შ.);

  • საკონკურსო განაცხადების განმხილველი კომისიის ცალკეული წევრების მხრიდან, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს დადგენილი წესების უგულებელყოფით, გარკვეული კონკურსანტებისთვის უპირატესობის მინიჭების ფაქტებს. აღნიშნული შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული

 დანაშაულის ნიშნებს;

  • კინოცენტრის მიერ არასათანადოდ ხორციელდებოდა სათანადო კონტროლი დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების დაცვაზე;
  • ზოგიერთ შემთხვევაში, დასრულების ეტაპზე კომისიის წევრების მიერ შეფასებული პროდუქტი (მაგ. სცენარი) განსხვავებული იყო დაფინანსების გაცემის ეტაპზე დადგენილისგან;
  • საექსპერტო კომისიის დებულებით არ არის განსაზღვრული წევრთა ის რაოდენობა, რომელიც უფლებამოსილი იქნება შეაფასოს დასრულებული ფილმი, თუ რამდენად შესაბამისობაშია თავდაპირველ პროექტთან, რომელიც მათი გადაწყვეტილებით გახდა კონკურსის გამარჯვებული;
  • კინოცენტრს არ ჰქონდა დადგენილი ჩასატარებელი კონკურსებისათვის თანხების განაწილების წესი;
  • კინოცენტრის მიერ არ ხდებოდა ხარვეზების მონიტორინგი და გამოვლენა, რაც განაპირობებდა იმას, რომ კომისიის წევრების მიერ პროექტების შეფასება არ ხდებოდა დადგენილი კრიტერიუმებით (შეფასება არ იყო მკაფიოდ არგუმენტირებული, ატარებდა ზოგად ხასიათს და ა.შ.);
  • რიგ შემთხვევებში, საექსპერტო კომისიის წევრების შეფასებები არ იყო დათარიღებული და ხელმოწერილი, მაგრამ ისინი მიიღებოდა მხედველობაში;
  • რამდენიმე შემთხვევაში არ იყო წარმოდგენილი კომისიის წევრების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ;
  • რიგ შემთხვევებში, ფილმის წარმოების საკონკურსო პირობები იყო ბუნდოვანი, რაც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა;
  • 2019-2020 წლებში გამარტივებული შესყიდვების საშუალებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისას, კინოცენტრს საქონლის ან მომსახურების საბაზრო ფასის და სავარაუდო შემსყიდველის დადგენის მიზნით, არ ჰქონდა ჩატარებული ბაზრის კვლევები;
  • 2019-2020 წლებში კინოცენტრში ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტებად წარმოდგენილი იყო ერთი და იმავე სადაზღვევო კომპანიების ერთი და იგივე ინვოისები, ანუ ფაქტობრივად სადაზღვევო ბაზრის კვლევა არ იყო ჩატარებული და წარმოდგენილი ინვოისები მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს არის მხოლოდ მოკლე ჩამონათვალი იმ დარღვევების, რაც აუდიტმა ეროვნულ კინოცენტრში გამოავლინა და აუდიტის დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს პროკურატურას გადაეგზავნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner