„საფრთხე საქართველოსთვის გაიზარდა. არასდროს გვაკლდა, მაგრამ ახლა თვისობრივად გაზრდილია,“ - ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, უფრო მეტად უნდა დავიცვათ თავი, გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა და ვიფიქროთ ეკონომიკურ მომენტებზეც, რომელიც იოლი არ იქნება როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ისე საქართველოსთვის.
„თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ყველგან ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის დროს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ეხება უკრაინას და რეგიონს. მინისტერიალს 2 საკითხი ექნება განსახილველად: ერთია უკრაინა და მეორე აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს გაძლიერება. ჩვენი თავდაცვის მინისტრის იქ ყოფნა შვედეთის, ფინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან არის მხარდაჭერის სერიოზული სიგნალი საქართველოსთვის. უკრაინის პარალელურად განიხილავენ ჩვენი თემატიკაც“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელშია. ნატოში ხვალ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების მინისტერიალი გაიმართება. ნატოში სხდომაზე პარტნიორი საქართველო, შვედეთი და ფინეთი მიიწვიეს. მინისტრები უკრაინაზე, რუსულ აგრესიაზე და პარტნიორების დახმარებაზე იმსჯელებენ.