ავტორი ბიძინა დვალი
სალომე ზურაბიშვილის მარგველაშვილიზაციის პროცესი კულისებიდან გამოვიდა და ის კურსი აიღო, რამაც „მარგველას“ ქსოვის ხასიათი საბოლოოდ დაუკარგა და კარტოფილის მოსავალსაც დაატყო ხასიათ წამხდარი მომვლელის ხელი. ხუმრობა იქით იყოს და მართლაც ძნელი საყურებელია, ე.წ. მეოთხე პრეზიდენტი პოლიტიკურ „ბომჟად“ და მიშა მშვილდაძისა და ნანუკას გოგოს „ჩაშკა-ლოჟკად“ რომ არის ქცეული.
„მარგველაშვილიზაცია“ „მარგინალიზაციის“ სინონიმია. არ იყო ძნელი გამოსაცნობი, რომ ეს პრობლემა, ადრე თუ გვიან, მოქმედ პრეზიდენტსაც დაატყდებოდა თავს. პოლიტიკაში არსებობს ასეთი ფორმულა, თუ კანონი - „პოლიტიკა გუნდური თამაშია“. ქალბატონი სალომე გუნდური მოთამაშე რომ არ არის, ეს პოლიტიკაში მისი ჩართვის პირველი დღეებიდან გამოჩნდა. ამ თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში, ბევრჯერ მიეცა შანსი, პოლიტიკის სუბიექტი გამხდარიყო, მაგრამ ყოველთვის „ახერხებდა“ „დამატების“ როლში დარჩენილიყო. თუნდაც ის ფაქტი გავიხსენოთ, მისი ცნობილი დემარშის შემდეგ აგორებულ ასიათასიან ტალღას ვერაფერი რომ ვერ შესთავაზა, ცარიელი სიტყვების გარდა. პარტიის შექმნის მცდელობაც ჩაეფუშა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამის არც ცოდნა ჰქონდა და არც ნიჭი.
საკუთარ უძლურებას ამ საქმეში მალე თვითონაც მიხვდა და „მარტოხელა მგლის“ როლის მორგებაზე ჩამოყალიბდა. როცა ნაცრეჟიმის გადავარდნის შემდეგ ეს როლიც გაუფასურდა, ინერციით აგრძელებდა არსებობას, როგორც უბრალოდ ცნობადი სახე. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სააკაშვილთან „გაყრის“ შემდეგ, ქალბატონი პრეზიდენტი არასდროს ყოფილა ნაცმავნებლების მიმართ რაიმე კომპრომისში შემჩნეული. არც მაშინ გაჩენილა ამის ეჭვი, როცა სამი კრიმინალი შეიწყალა.
სულ ეს გახლავთ ქალბატონი სალომეს პოლიტიკური ბიოგრაფია - არც მეტი, არც ნაკლები. მავანი იკითხავს, კი მაგრამ, ამდენი ხნის განმავლობაში, როგორ ახერხებს წამყვან პოზიციებზე ყოფნასო? პასუხი მარტივია - ჩამოუყალიბებელ პოლიტიკურ სისტემაში ასეთი რამ ჩვეულებრივი ამბავია. შენი გარკვეული კოზირები შეიძლება ვიღაცას რაღაცაში დასჭირდეს. მაგალითად, ქალი ევროპული წარსულითა და დიდი წინაპრების ზურგით, შეიძლება სასარგებლო იყოს რაიმე უფუნქციო როლის შესასრულებლად.
„უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიანო...“ - ალბათ, იმასაც იკითხავთ, რა ფორმულები და ანდაზები აგიტყდაო. ფორმულები და ანდაზები ცხოვრების სიბრძნეა და ჭეშმარიტებას ღაღადებენ. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ადგილის ვერ მპოვნელ სალომეს (იმიტომ რომ გუნდური მოთამაშე არაა) ვიღაც „დაეპატრონა“. მთავარია, ეს „ვიღაც“, ანუ „ეშმაკი“ ვინ არის.
„მარგველასთან“ პარალელი კიდევ იმით არის საინტერესო, რომ ქალბატონმა სალომემაც ისე დაიწყო, როგორც მისმა „სახელოვანმა“ წინამორბედმა - საგარეო ველზე თვითნებური მანევრირებით, ანუ მთავრობასთან შეუთანხმებელი და აქედან გამომდინარე, არა შედეგზე ორიენტირებული ვიზიტებით, ანუ კონსტიტუციური მოთხოვნების უგულვებელყოფით. ერთი სიტყვით, ისევ „კავკასიურ ცარცის წრესთან“ გვაქვს საქმე.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის თემაზე ქალბატონი სალომე ნაცების ნარატივზე დაჯდა, ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იგი ამ „ძირგამომთხრელი“ (მისი შეფასებაა) ძალის კარნახით თამაშობს, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს ის „რეჟისორი“ უნდა იყოს, რომელიც თითქმის უკვე ოცდაათი წელია, დესტრუქციული პროცესების სადავეებს ფლობს ჩვენს ქვეყანაში. მარტო ბოლო პერიოდზე რომ ვილაპარაკოთ, 2012 წლიდან დღემდე:
ვინც სააკაშვილს და მის ბანდას ინახავდა უკრაინაში, სასათბურე პირობებში, დისტანციურად ძირგამომთხრელი საქმიანობის დაუბრკოლებლად წარმოების მიზნით; ვინც კეზერაშვილს აფარებს ხელს, რათა არეულობის ორგანიზების მატერიალური უზრუნველყოფის მექანიზმი შეუზღუდავად მოქმედებდეს; ვინც კრიმინალებს პოლიტპატიმრებს უწოდებს და ციხიდან ათავისუფლებს; ვინც ბლოკავს სხვა სისხლის სამართლის საქმეების ბოლომდე მიყვანას; ვინც სულ ახლახან, საერთო აღიარებით მაღალ დონეზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გადასინჯვაზე „იჩალიჩა“ (მათგან ეს განსაკუთრებით სამარცხვინოა) შემოვლითი გზით, საიდანღაც გამოგონილი „43%-იანი ბარიერითა“ და „რევოლუციის ბელადის“ მოულოდნელი მოვლინებით...
„კოლმეურნეობის თავმჯდომარეზე“ ვსაუბრობ, ჩვენ ლამაზ ქვეყანას მშვიდობა რომ არ აღირსა და საქართველო, უკრაინის მსგავსად, ერთად-ერთი დანიშნულებით რომ სჭირდება, ვაჭრობის მუდმივ საგნად რომ გაუხდია ცნობილ ჯალათ „მოწინააღმდეგესთან“ გავლენის სფეროების ახალი გადალაგების პროცესში.
აღნიშნულ პრობლემას ეძღვნება ჩემი ბოლო ათამდე წერილი, გასული წლის სექტემბრიდან დღემდე, ამიტომ დეტალებს აქ აღარ ჩავუღრმავდები. უკანასკნელ დრომდე ამ საფრთხილო თემაზე მხოლოდ მინიშნებებით თუ ვსაუბრობდი, ახლა კი... გადავწყვიტე ფრჩხილები ბოლომდე გამეხსნა, რადგან ვფიქრობ, რომ მოსალოდნელი მძიმე შედეგებისგან თავის დასაცავად სიმართლე საუკეთესო საშუალებაა. იმ მძიმე შედეგებს ვგულისხმობ, რომლის წინაშეც უკრაინა აღმოჩნდა და ჩვენ, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით, ჯერჯერობით, წკიპზე ვართ გადარჩენილი.
ჰო... ამასობაში ქალბატონი სალომე კინაღამ გადამავიწყდა... მისი მისამართით ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, თუნდაც რჩევის სახით - დიდი ნიკო ნიკოლაძის სახელს არ ეკადრება გამარგველაშვილებული შთამომავალი...
ბიძინა დვალი
15.03.2022 წ.