„მთავრობის ჩამოყალიბების კონსტიტუციური წესი არსებობს და კონსტიტუციაში გაწერილია, როგორ ხდება მთავრობის ჩამოყალიბება, „- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის ჩამოყალიბების დროს შესაძლოა გამარჯვებულ პარტიასა და სხვა რომელიმე პარტიას შორის შედგეს კოალიციური მოლაპარაკება და ის პარტია გახდეს კოალიციის მონაწილე.
„თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან შესაძლებელი იქნება ასეთი მოლაპარაკება და კოალიციურ მთავრობაში შემოყვანა, ეს სხვა მოცემულობაა. რაც შეეხება საკითხს, ზოგადად, შეიძლება თუ არა ასეთი სამინისტროს ჩამოყალიბება, ზოგადად შეიძლება მაგრამ ყოველთვის უნდა გამოვიდეთ პრაქტიკული და კონკრეტული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. დღეს საქართველოს აქვს სამთავრობო სამოქმედო გეგმა, ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ეს გეგმა მრავალსაფეხურიანი და მრავალკომპონენტიანია. ყველა სამინისტროს აქვს თავისი სამოქმედო გეგმა და მუდმივად მიმდინარეობს ამ გეგმის მიხედვით მუშაობა. პარლამენტშიც მუდმივად მიმდინარეობს ყველა იმ საკანონმდებლო აქტის მიღება, რასაც ჩვენ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საკანონმდებლო, თუ სხვა სახის რეფორმებს ვეძახით.
ასევე, განაცხადი, რომელიც ასოცირებულმა ტრიომ შეიტანა დაჩქარებული წესით კანდიდატობაზე, გადაეცა ევროკომისიას შეფასებისთვის და ამ შეფასების შემდეგ სამოქმედო ახალი გეგმა იქნება. ამ ახალი გეგმიდან გამომდინარე გამოჩნდება, რა ამოცანები იქნება, რა ვადები და მიმართულებები იქნება გამოკვეთილი. მთავრობა და პოლიტიკა სწორედ ამის მიხედვით იმოქმედებს და შესაძლოა, საჭიროც კი გახდეს ასეთი სტატუსისა და ამ მიმართულების მქონე სამინისტროს შექმნა. ამიტომაც ვამბობ, საუბარი უნდა იყოს საგნობრივი, კონკრეტული აუცილებლობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.