logo_geo
eng_logo
ვახუშტი მენაბდე: პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში ქვეყანას მთავრობის თანხმობით წარმოადგენს, ამიტომ ის გასცდა კონსტიტუციურ უფლებამოსილებას
- +

15 მარტი. 2022. 19:11

 

 

„ვფიქრობ პრეზიდენტი გასცდა კონსტიტუციურ უფლებამოსილებას. მას არ ჰქონდა საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობის უფლებამოსილება,“ - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია რაზე მიმდინარეობდა მსჯელობა საგარეო ვიზიტებისას, ეს იყო პირად საკითხებზე მსჯელობა თუ სახელმწიფო საკითხებზე. „ცხადია ეს იყო სახელმწიფო საკითხებზე მსჯელობა“, - აღნიშნა მენაბდემ.

 

რაც შეეხება ელჩების დანიშვნის საკითხს, მისი თქმით, აქ პრეზიდენტის პოზიცია მართებულია და ის სწორად კითხულობს კონსტიტუციას.

 

„როგორც მე მესმის ორი საკითხია, რომელსაც სადავოდ მიიჩნევს მმართველი გუნდი და პრეზიდენტი. ესაა პრეზიდენტის უკანასკნელი საგარეო ვიზიტი და მეორე საკითხი უკავშირდება ელჩების დანიშვნას და ამ პროცესში პრეზიდენტის როლს. აქ მე ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ კონსტიტუცია განმარტავს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს და მთავრობის კომპეტენციებს ამ მიმართულებით.

 

საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში ქვეყანას წარმოადგენს მთავრობის თანხმობით და მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან აწარმოებს ასევე მთავრობის თანხმობით. ე.ი. ინიციატივა უნდა წამოვიდეს პრეზიდენტისგან, როგორც ეს მოხდა კიდეც და შემდეგ უნდა დაელოდოს მთავრობის თანხმობას, რის შემდეგაც უნდა იმოქმედოს, თუ იარსებებს ეს თანხმობა. თანხმობა არ არსებობდა. ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობის უფლებამოსილება. აქ მნიშვნელოვანია შინაარსის საკითხი - რაზე მიმდინარეობდა მსჯელობა, ეს იყო პირად საკითხებზე მსჯელობა თუ სახელმწიფო საკითხებზე და ცხადია ეს იყო სახელმწიფო საკითხებზე მსჯელობა. ამ მიმართულებით, მე ვფიქრობ პრეზიდენტი გასცდა კონსტიტუციურ უფლებამოსილებას. რაც შეეხება ელჩების საკითხს, აქ პირიქითაა - ინიციატივა მოდის მთავრობისგან და პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატი უნდა დანიშნოს. „ოცნება“ მიიჩნევს, რომ აქ პრეზიდენტის როლი არის ფორმალური. ხოლო, მეორეს მხრივ პრეზიდენტი მიიჩნევს რომ არა - მას შეუძლია დაბლოკოს, ან მოიწონოს კანდიდატურა. ამ შემთხვევაში მე მივიჩნევ, რომ პრეზიდენტის პოზიციაა მართალი და ის სწორად კითხულობს კონსტიტუციას. ეს დავა, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი მიემართება ამ მეორე საკითხს. მე ასე მგონია. აქ მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის პოზიცია მყარია. მისი ხედვა კონსტიტუციის განმარტების შესახებ თანხვედრაშია კონსტიტუციურ ლოგიკასთან, თუმცა აქ სამწუხარო ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ არის დამოუკიდებელი. ვშიშობ, არ შეუძლია იტვირთოს მიუკერძოებლად ამ დავის გადაწყვეტა“, - განაცხადა მენაბდემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner