უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის განადგურებას ცდილობს.
„ჩვენ ვიბრძვით სიცოცხლისთვის, ვიბრძვით ტანკების, თვითმფრინავებისა და ნაღმტყორცნების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ იყენებს, რათა გაგვანადგუროს. თუმცა, რუსეთიც ანადგურებს საკუთარ თავს. უკრაინის წინააღმდეგ ყოველი გასროლა ის ნაბიჯია, რომელსაც რუსეთი საკუთარი თავის გასანადგურებლად დგამს. ახლა ყველა ტოვებს რუსეთს, ვისაც შეუძლია აზროვნება: პროგრამისტები, ბიზნესმენები, მხატვრები. რუსეთის სახელმწიფოს ათწლეულების მანძილზე არასდროს განუცდია ისეთი დარტყმა ადამიანურ კაპიტალზე, როგორიც საკუთარ თავს თავად მიაყენა. მაგრამ ჩვენ ეს არ გვაწუხებს, ეს არ არის ჩვენი პრობლემა. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ საკუთარი თავი, ჩვენი ხალხი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.