ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„რუსეთის პრეზიდენტთან საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ აუცილებელია რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ძმათამკვლელი ომი შეწყდეს. ევროკავშირი რუსეთის აგრესიას გმობს, რომელსაც ძლიერი სანქციებითა და უკრაინის მხარდაჭერით პასუხობს“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინიდან გაყვანისკენ მოუწოდა.
„მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე აბსოლუტური პრიორიტეტია. რუსული ძალების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩეველი დაბომბვა უნდა შეწყდეს. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა უზრუნველყოს ჰუმანიტარული წვდომა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გასვლა“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.