„ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ის დაპირება, რაც უკვე გაიცა და თუნდაც ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა, რომ ევროკომისიას დაევალა, მოამზადოს შეფასება ასოცირებული ქვეყნების მზაობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი წინსვლაა, რაც დაფუძნებულია უკვე გაცნობიერებულ პოზიციებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და, რაც მეტი ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს, ვიდრე ვთქვათ, ვიფიქრო, რომ ეს მხოლოდ ემოციებით არის განპირობებული და შემდგომში გაგრძელება არ მოჰყვება. ეს ნაბიჯი უკვე არის საკმაოდ მყარი საფუძველი იმისა, რომ დავიწყოთ ახალი ეტაპი, რასაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სვლა ჰქვია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. მისი თქით, დღეს, საქართველოს საშინაო დავალება არის ასოცირების შეთანხმება, რომლის შესასრულებლად ქვეყანა ყველაფერს აკეთებს.
„ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ როდესაც ევროკომისია ობიექტურად შეაფასებს სამი ასოცირებული ქვეყნის მზაობას, საქართველო ნამდვილად იქნება მოწინავე, რაც ტექნიკური პირობების თვალსაზრისით მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გვქონდეს ამბიციური მოლოდინი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.