logo_geo
eng_logo
ბიძინა გიორგობიანი: 2008 წელს, როდესაც საქართველო სისხლისაგან იცლებოდა, მხოლოდ აშშ-მა აღმოგვიჩინა ქმედითი პოლიტიკური დახმარება
- +

16 მარტი. 2022. 15:01

 

 

ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„მოვუსმინე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და მინდა ჩემი ემოცია გაგიზიაროთ.

 

80-იანი წლების ბოლოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მონაწილეებს ემახსოვრებათ, უეცრად გამოჩენილი, გაუგებარი ტერმინი  „კაცური პოლიტიკა“, რომელიც ნიშნავდა პირდაპირობას და არ ცნობდა არანაირ კომპრომისს (ჩვენს მიტინგებზე ხომ ვიძახდით - არანაირი კომპრომისი კრემლთან, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!!!), ბალტიელი სტუმრები გვიღიმოდნენ და მორცხვად ამბობდნენ, რომ ჩვენ ვიყავით გმირები და ისინი ვერ ბედავდნენ ასე უკომპრომისოდ სიარულს. შედეგი კი ისაა, რომ ჩვენ სისხლში გვაბანავეს, ერთმანეთი გვაჟლეტინეს, ბალტიის სამივე ქვეყანა კი EU-ს და  NATO-ს წევრია და ჩვენ დავრჩით ერთმანეთის მოქიშპე „გმირებად“. ახლაც გვასწავლიან ეს კოლექტიური კუბილიუსები, როგორი გმირები ვართ და როგორ უნდა შევაკვდეთ მტერს, რომ მერე თვითონ ჩვენს ტრაგედიებზე იმსჯელონ ვერსალის სასახლის მიღებაზე პრეზიდენტ მაკრონთან. 2008 წელს, როდესაც საქართველო სისხლისაგან იცლებოდა, მხოლოდ აშშ-მა აღმოგვიჩინა ქმედითი პოლიტიკური დახმარება, ევროკავშირმა და NATO-მ აბსოლუტური უძლურება აჩვენა. 2008 წლის „ვაჟკაცობის“ შედეგია, მოულოდნელად რამდენიმე ნაცისტი მილიარდერის გაჩენა და დაკარგული ტერიტორიები. პოლიტიკურ პროცესებში, „ვაჟკაცობა“ შედეგით იზომება და სიგიჟე ვაჟკაცობა არ არის. სიფრთხილე კი ნამდვილადაა ვაჟკაცობის სათავე. ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეები აშშ,  გერმანია, თავად უკრაინის ოფიციალური პირები მადლობას უხდიან საქართველოს შესაძლებლობების ფარგლებში გაწეული დახმარებისა და თანადგომის გამო, ამ  პუბლიკას მაინც არ აკმაყოფილებს ეს.

 

დღეს საქართველოს პრეზიდენტს უთქვამს: „ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს“.

 

საქმე იმაში კი არაა, ქალბატონო სალომე, რას ვერ ამბობს მამუკა მდინარაძე, არამედ რას გვასწავლის საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. თუ სხვა მეფეები ან მაგალითები არ მოგდით თვალში, მიუბრუნდით დავით IV-ს. იგი გამეფებიდან 10 წლის მანძილზე სელჩუკების სასარგებლოდ ხარკს იხდიდა. რატომ, გგონიათ, ვერ ბედავდა, გამოეხატა, რასაც მისი ისტორია და ღირსება კარნახობდა? ვინ შეიძლება იყოს ის, ვინც ილიას (ვინც საქართველო ხელახლა მოიგონა) რუსეთთან თანამშრომლობა დასწამოს ან ბანკის საქმეების, ან რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრობის გამო? ან მეფისნაცვალთან თხოვნის გამო, რომ გენერალი ალიხანოვი არ გაეგზავნა აჯანყებული გურიის დასასჯელად? არ იცოდა ილიამ, რას კარნახობდა ისტორია და ღირსება?

 

საქართველო ეგზისტენციური საფრთხის წინაშეა, სამყაროში უდიდესი ტრაგედია ტრიალებს და უკრაინაში მიმდინარე ომი შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს, სხვა მეზობელი სახელმწიფოებიც ჩაერთონ ამ სისხლისღვრაში, ამიტომ ნაჩქარევი, პირადული წყენით გამოწვეული განცხადებებისაგან ყველამ უნდა შეიკავოს თავი. პრეზიდენტის ჩათვლით.

პ.ს. აღარაფერს ვიტყვი პიანისტების, მხატვრების, ლიტერატორების და მომღერლების კოლექტიურ ნაცოდვილარზე“, - წერს ბიძინა გიორგობიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner