პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ, ყველა შესაბამისმა უწყებამ პატივი უნდა სცეს ქვეყნის უზენაეს კანონს და დაიცვას სრულად.
მისი თქმით, ისინი, ვინც დღეს სალომე ზურაბიშვილს იცავენ, მას მოღალატედ მოიხსენიებდნენ და საზოგადოება ხვდება, რომ ეს ფარისევლობაა.
„სწორედ ის ხალხი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ მოიხსენიებდა, დღეს ეს ადამიანები თითქოს, სალომე ზურაბიშვილის დამცველებად მოგვევლინენ. ჩვენი საზოგადოება ხვდება, რომ ეს არის ფარისევლობა და სიყალბე.
ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ, ყველა შესაბამისმა უწყებამ პატივი უნდა სცეს ქვეყნის უზენაეს კანონს და სრულად დაიცვას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მმართველმა პარტიამ საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშრებით განცხადება გაავრცელა.
„მთავრობა იძულებული ხდება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს“, - აღნიშნულია განცხადებაში. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია.