„ახლა, ისეთ კარგ ამბავს გიყვებით, რომ სული წინ-წინ მისწრებს, მოკლედ, ლევან ჭანიშვილმა ამ სამი წლის წინ თბილისიდან გუდა-ნაბადი აიკრა და გურიაში მშობლებთან,ფუძეზე დაბრუნდა. სოფელი ზენობანი ჩოხატაურის რაიონშია, ზუსტად იქ, სადაც "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" დაიწერა,ეზო -კარიც ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის უკან უდგას, აქ მისი წინაპრები ცხოვრობდნენ, აქ ცხოვრობს მისი მშობლებიც და აწი ისიც სულ აქ იქნება და ზუსტად იცის, რასაც გააკეთებს. უკვე აქვს გამართული ინკუბატორი, ყავს ფრინველი - ნაცარა, ჭრელი, ყელტიტველა, ქოჩორა ენდემური ჯიშის ქათმები, ინდაურები, გედიბატები, ხოხბები. აპირებს სირაქლემას მოშენებას და საამისოდ თადარიგიც დაიჭირა. 9 ძროხა გაიჩინა, უკვე საკუთარი ყველი აქვს იმდენი,, რომ გაყიდვაც შეუძლია. ახლა მის ინკუბატორში წიწილებიც გამოიჩეკა და მსურველებს შეძენაც შეუძლიათ.ამ 2 წელიწადში გააშენა ძველი გურული ჯიშის ყურძენი-ჩხავერი, საკმიელა და ოცხანური. ძველი ჩაის პლანტაციის ადგილზე ახლა მოცვის მოსავალს ელოდება და მალე დიდი მეურნე და მემამულე კაცის ბიოგრაფიაც ექნება,
- და რით დაიწყე, ვეკითხები ლევანს.
- რით დავიწყე და სიყვარულით, აქაურობა სულ მიყვარდა, სულ ვფიქრობდი დაბრუნებაზე. კიდევ რით დავიწყე და თბილისში 300 ლარის თოხი, ბარი და მამაპაპური სამუშაო იარაღები ვიყიდე და წამოვედი. მერე გავკაფე და შემოვღობე, მერე გადავბარე და მერე იცით როგორაა თუ ერთხელ მაინც ნანახი გაქვს და დაინტერესებულხარ, როგორ შრომობდა შენი წინაპარი, მერე ერთი საქმე მეორეს გასწავლის და ერთ წუთსაც არ გაძლევს მოსვენებას. 2 წლის ნამუშევრის პირობაზე, კმაყოფილი ვარ, მთავარი წინაა, დიდი გეგმები მაქვს და ვფიქრობ, რომ საამისოდ აქ ყველა პირობაა, თუკი შრომა არ გეზარება და რასაც ხელს მოკიდებ,"პაწა' სიყვარულს მიაყოლებ, წელს სოფელში მოსახლეობიდან კვერცხი ვიყიდე და საკუთარ ინკუბატორში გამოჩეკილი წიწილები მყავს...
უკვე ლევანის კარ -მიდამოს მშრომელი, დაუზარელი კაცის ხელი ეტყობა, ეს პირველი საჯარო ინფორმაციაა მასზე და აწი თანდათან მივადევნებთ თვალს მის ეზო-კარს და ერთად ვნახავთ, რა შეუძლია ერთი კაცის მოწადინებას - სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია!
ვისაც სოფლის წიწილების გემო მოგენატრათ, გაზრდაც შეგიძლიათ და გინდათ შეძენა,
დაურეკეთ ლევანს 593 44 30 09!
გაგრძელება იქნება!“