„რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით და „ნაციონალური მოძრაობა“ გადავიდა ოპოზიციაში, ეს პოლიტიკური პარტია დაკავებულია ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით. საერთოდ არაფერი აინტერესებთ, მათთვის მთავარია ერთი რამ, როგორმე მოხვდნენ ხელისუფლებაში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოროტი ზალა, რომელიც დაფუძნებულია სიძულვილზე, ურთიერთ დაპირისპირებასა და ადამიანების შეურაცხყოფასა, ყველაფერს აკეთებენ, ყველაფერს კადრულობენ.
„დღეს ცდილობენ, რომ როგორმე საქართველო ჩართონ ომში, მოხვდეს ნგრევა, დაიხოცონ ადამიანები, შემდეგ შემოგვიტრიალდებიან და გვეტყვიან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ომი ვერ აიცილა და ეცდებიან ესეც სათავისოდ გამოიყენონ, რომ როგორმე ხელისუფლებაში მოხვდნენ.
საუბრობენ სიცრუებს. მაგალითად, რაც შეეხება მეტროს ვაგონებს, 2020 წელს იყო ეს ტენდერი გამოცხადებული, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელობითა და მათი წესებით ტარდება. 2021 წლის ნოემბერში, თუ დეკემბერში გამოვლინდა ეს კონკრეტული კომპანია გამარჯვებულად. წარმოადგინა ყველაზე დაბალი ფასი და აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც იყო ტენდერში მითითებული. ახლა რა უნდა ვქნათ? გავწიოთ ეს კომპანია და უფრო ძვირიანი ავიღოთ იმიტომ რომ რუსული კომპანიაა?! სხვათა შორის, ამ კომპანიას ვაგონები მიწოდებული აქვს ბულგარეთისთვის, უნგრეთისთვის, სერბეთისთვის და სხვა. არათუ მხოლოდ ეს კომპანია არ აწარმოებს სამხედრო ტექნიკას, ამ ჰოლდინგში სხვადასხვა კომპანიაა და არც ერთ მათგანს არანაირი კავშირი არ აქვს სამხედრო ტექნიკასთან. წარმოუდგენელი ბრალდება და უდიდესი ტყუილია ეს, რომელიც გააჟღერა მელიამ. რა თქმა უნდა, იქნებით ნულები და ფარჩაკები, ეს არის სრულად შესაბამისი სიტყვა ამ პარტიისთვის. ეს არის ბოროტი ძალა, რომელიც დაფუძნებულია სიძულვილზე, ურთიერთ დაპირისპირებასა და ადამიანების შეურაცხყოფასა, ყველაფერს აკეთებენ, ყველაფერს კადრულობენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.