logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: უკრაინელები გრძნობენ მხარდაჭერას და ჩვენ ვიღებთ მადლობებს, ეს ყველაფერი კი კეთდება ქართველი ხალხის სახელით
- +

17 მარტი. 2022. 00:37

 

 

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები ყველანაირად უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრისითა და საკვები პროდუქტებით. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ამ ძნელბედობის ჟამს დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენს უკრაიანელ ძმებსა და დებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„ამ პროცესში დედაქალაქის მერიაც ჩართულია. მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ და ვეხმარებით სხვადასხვა პროგრამების საშუალებით. მაგალითად: უკრაინის პასპორტით შესაძლებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ გადაადგილება, ასევე ყველა იმ ინფრასტრუქტურის გამოყენება, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს. ეს შეიძლება იყოს საცურაო აუზი პატარებისთვის, მუზეუმები, თეატრები, სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენები, ატრაქციონები ბავშვებისთვის და ა.შ. დღეს, საკრებულოსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელი იქნება უკრაინელი პატარების მიყვანა საბავშვო ბაღებში, ყოველგვარი გადასახადების გარეშე. დღესაც მქონდა შეხვედრა საქარველოში მყოფ უკრაინელ ოჯახებთან. ისინი ძალიან აფასებენ ამ მხარდაჭერასა და თანადგომას. დღეის მდგომარეობით, ფონდში შეგროვდა 1 117 000 ლარი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, რომელიც ჩართულია და ამ შემოწირულობაში. ასევე უამრავი რიგითი მოქალაქეა ჩართული და გაიღო შემოწირულობა. უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოვიხმაროთ ეს თანხა, პროდუქტები შევიძინოთ თუ პირდაპირ უკრაინაში გადავრიცხოთ. რა თქმა უნდა, გვექნება კომუნიკაცია საელჩოსთან. ეს სახაზინო ანგარიში დღესაც მოქმედია და ვისაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა შემოწირულობაში, ამის შესაძლებლობა აქვთ. გარდა ამისა, ჩვენ ვაგროვებთ ჰუმანიტარულ ტვირთს ბელიაშვილის #5-ში, პროდუქტებს, თბილ ტანსაცმელს. უკრაინელები გრძნობენ ამ მხარდაჭერას და ჩვენ ვიღებთ მადლობებს. ეს ყველაფერი კეთდება ქართველი ხალხის სახელით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner