logo_geo
eng_logo
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო დელეგაციების 2021 წლის საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს
- +

17 მარტი. 2022. 00:37

 

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელებმა პლენარულ სხდომაზე დელეგაციების 2021 წლის საქმიანობის ანგარიშები წარმოადგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტთაშორისო კავშირში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.

 

მისი განმარტებით, საპარლამენტთაშორისო კავშირი, რომელშიც 178 ქვეყანაა გაწევრიანებული, კარგ შესაძლებლობას იძლევა, ორმხრივი შეხვედრები გაიმართოს ისეთი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან, რომლებთანაც კომუნიკაცია ლოჯისტიკურად რთულია. შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ფორმატის აქტიური გამოყენებით, საქართველოს პარლამენტი საქართველოს მხრიდან წარმოებული არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

 

მისივე თქმით, 2021 წელს, გლობალური პანდემიის გამო, შეიზღუდა ორმხრივი ვიზიტები და პარლამენტებს შორის კომუნიკაციას ხელი სწორედ საპარლამენტთაშორისო კავშირმა შეუწყო. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო 2021 წლის სექტემბერში, ვენაში გამართულ პარლამენტის სპიკერების მსოფლიო კონფერენციაში, სადაც, პარალელურად, ცამეტი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. ასევე, ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ რვა შეხვედრა გამართა მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე ასამბლეის ფარგლებშიც.

 

„ევროპაში შექმნილი ვითარების გამო, მარტში დაგეგმილ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში საქართველოს პარლამენტი მონაწილეობას არ მიიღებს, მონაწილეობაზე უარი თქვა ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამაც“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, საპარლამენტო დელეგაცია მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილი ასამბლეის მუშაობაში ჩაერთვება.

 

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და ვირტუალურ ფორმატში გამართულ შეხვედრებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ დელეგაციის წევრები.

 

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიში დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სერგეენკომ გააცნო კოლეგებს. მისი განცხადებით უმეტესწილად ონლაინ ფორმატში მუშაობის მიუხედავად, დელეგაცია აქტიურად იყო ჩართული ასამბლეის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. წლის მანძილზე გაიმართა გენერალური ასამბლეის სხდომა, საკომიტეტო მოსმენები, ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები.

 

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 57-ე გენერალური ასამბლეის სხდომა 2021 წლის 22 ივნისს ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, სადაც ტრეფიკინგის საკითხებთან დაკავშირებული მოხსენებები მოისმინეს და შესაბამისი რეზოლუციები მიიღეს.

 

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი - დავით სერგეენკო 2 წლის ვადით აირჩიეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად. გასული წლის 24 ივნისს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია შვი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი. მასთან სამუშაო შეხვედრა გამართა ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სერგეენკომ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და ასამბლეის სამომავლო აქტივობები.

 

დავით სერგეენკომ მონაწილეობა მიიღო ივლისში ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნებზე საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიაში.

 

დავით სერგეენკომ ასევე ისაუბრა პანდემიის ფონზე სამედიცინო სფეროში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაცია მზად არის ითანამშრომლოს სხვადასხვა ფორმატებში, რათა გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად.

 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ წარადგინა.

 

მისი თქმით, გასული წლის აქტივობებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 9 აპრილს, ონლაინ ფორმატში ჩატარებული საქართველო‐ნატოს საპარლამენტთაშორისი საბჭოს მორიგი შეხვედრა, რომელზეც საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. მისივე განცხადებით 8‐11 ოქტომბერს ქალაქ ლისაბონში, ასამბლეის 67‐ე ყოველწლიური სესია, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაიმართა ფიზიკურ ფორმატში, სადაც ეროვნული დელეგაციების წევრები შეზღუდული შემადგენლობით ესწრებოდნენ. ღონისძიებას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ბერაია და დელეგაციის მდივანი ესწრებოდნენ.

 

„ასამბლეის არაერთ დოკუმენტში, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი სრული მხარდაჭერა. მკაცრად დაიგმო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. ქართული დელეგაციის ინიციატივით, ანგარიშებსა და რეზოლუციებში შევიდა რიგი ცვლილებები, რამაც უფრო ზუსტად ასახა სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარება და უფრო გააძლიერა ოკუპაციის დამგმობი და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ჩანაწერები. ასამბლეის სესიაზე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ალიანსის ღია კარის პოლიტიკას და აღნიშნა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პროგრესი“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

სესიის ფარგლებში, ირაკლი ბერაიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა უკრაინის, თურქეთის, აშშ-ის და საფრანგეთის დელეგაციების წევრებთან.

 

მომხსენებელმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა უკრაინის ქალაქ ოდესაში, გამართული ნატო‐ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული უკრაინა‐ნატოს და საქართველო‐ნატოს საპარლამენტთაშორისი საბჭოების და ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის ერთობლივი შეხვედრა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო.

 

მან საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის მთავარ მოვლენად დაასახელა მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში, ნატო-საქართველოს და უკრაინა-ნატოს საპარლამენტთაშორისი საბჭოების გაერთიანებული სხდომის გამართვა.

 

„ამ ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის ვიზიტი საქართველოში, რომლის შემდეგ გადაინაცვლებენ ბათუმში, სადაც პარლამენტთაშორისი ერთობლივი სხდომა გაიმართება“.

 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში სხდომაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ წარმოადგინა.

 

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ უმეტესწილად ონლაინ ფორმატში საქმიანობის მიუხედავად, დელეგაციამ აქტიურად იმუშავა ეუთოს სამივე განზომილების მიმართულებით, განსაკუთრებით, პირველი - თავდაცვისა და უსაფრთხოების და მესამე -ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართულებებით. მომხსენებლის თქმით, საქართველოს დელეგაციის წევრები ყველა ღონისძიებაზე ხაზგასმით აღნიშნავდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ პრობლემატიკას.

 

მისი თქმით დელეგაციამ არაერთ ონლაინ და ფიზიკურ ფორმატში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთოს საპარლამენტო ფორმატი იმისათვის, რომ მუდმივად იყოს საქართველოს შესახებ და განსაკუთრებით ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება ჩვენი ევროპელი და ტრანსატლანტიკური მოკავშირეების ყურადღების ცენტრში და სწორედ ამისთვის ვიყენებთ ჩვენ ამ საპარლამენტო ასამბლეას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ მართალია ეს არ ეხება საანგარიშო პერიოდს, მაგრამ ზუსტად რუსეთის მიერ ომის დაწყების დღეს 24 თებერვალს იმართებოდა ამ წლის ზამთრის სესია, სადაც ის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში მონაწილეობდა და იქ ერთობლივი განცხადება იქნა მიღებული, სადაც მკაცრად იყო დაგმობილი რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება.

 

საანგარიშო პერიოდში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთოს ეგიდით რამდენიმე საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში მიიღო მონაწილეობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner