logo_geo
eng_logo
პროკურატურამ სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
- +

17 მარტი. 2022. 15:43

 

 

საქართველოს პროკურატურამ სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირის ბრალდება წარუდგინა.

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2021 წლის დეკემბერში, მოქალაქე გ.ა-მ და ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელმა რ.ლ-მ, სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ერთმანეთთან ყალბი მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც კომპანიას დამკვეთისთვის, თითქოსდა უძრავი ქონების საპროექტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა.

 

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გ.ა-მ და რ.ლ-მ საპროექტო მომსახურების ანაზღაურების მოტივით, საწარმოს მფლობელობაში არსებულ პოს-ტერმინალზე უნებართვოდ გააქტიურეს უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი VISA პლასტიკური ბარათი, რის შედეგადაც  რ.ლ-ს საკუთრებაში არსებული კომპანიის საბანკო ანგარიშზე უკანონოდ ჩარიცხეს სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ კუთვნილი 239 450 ლარი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ურთიერთშორის გაინაწილეს.

 

გ.ა-ს და რ.ლ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე და  362-ე მუხლის მეორე ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენისა და მხილების მიზნით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner