logo_geo
eng_logo
პაატა მანჯგალაძე: უკრაინელი ხალხის გამარჯვება და დეოკუპაცია დომინოს ეფექტს გამოიწვევს საქართველოს თავისუფლების და დეოკუპაციის საქმეში
- +

17 მარტი. 2022. 20:02

 

 

„ამ მაღალი ტრიბუნიდან მინდა მხარდაჭერა გამოვხატო თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგან ზუსტად მჯერა, რომ უკრაინის გამარჯვება, უკრაინელი ხალხის გამარჯვება და დეოკუპაცია დომინოს ეფექტს გამოიწვევს საქართველოს თავისუფლების და დეოკუპაციის საქმეში და ამიტომ მინდა მათ კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

 

„მე ასევე მინდა მჯეროდეს, რომ ამ დარბაზში არ არსებობს ადამიანი, ვინც არ თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსული იმპერია დაიმსხვრეს და მან მტრული ქმედებები არ განახორციელოს საქართველოშიც. რომ რუსეთის დამარცხება, პირველ რიგში, არის საქართველოს ინტერესებში. შესაბამისად, მე მაქვს კონკრეტული კითხვები და ძალიან გამეხარდება თუ შინაგან საქმეთა მინისტრი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და უმრავლესობის წარმომადგენლები ამ კონკრეტულ საკითხებზე, შეძლებისდაგვარად, გასცემენ პასუხებს. მაინტერესებს, უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიისთვის რა არის მთავარი? რასაც გვირჩევენ ე.წ. მეგობრები, ვგულისხმობ რუსეთიდან და აქ შიდა მე-5 კოლონა, რომ საქართველომ გონივრული დათმობები უნდა გააკეთოს და გარკვეულ კომპრომისებზე უნდა წავიდეთ თუ ჩვენ ერთიანად მტკიცე პოზიცია უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის ერთიანი, საქართველო სუვერენიტეტით და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებით არ ვაჭრობს. რუსეთისთვის კავკასიაში მთავარ პრობლემას წარმოადგენს სუვერენული და თავისუფალი საქართველო, შესაბამისად ჩემთვის გაუგებარია რას ეფუძნება „ქართული ოცნების“ პრიმიტიული პოლიტიკა, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავ, რომ „ქართული ოცნება“ უდრის მშვიდობას, სხვა პარტიები, ოპოზიცია უდრის ომს. მაინტერესებს, ვინმე ამ პარლამენტში სერიოზულად ფიქრობს, რომ როდესმე საქართველომ შესაძლებლობა მისცა რუსეთს პროვოცირებისთვის და როდესმე საქართველოს რომელიმე ხელისუფლებას რაიმე ბრალი მიუძღვის რუსეთთან ომის დროს? ასეთი ადამიანი არსებობს საქართველოს პარლამენტში? მაშინ რატომ გვჭირდება ამის ყოველთვის ძახილი, რომ ვიღაცას უნდა ომი, ვიღაცას უნდა მშვიდობა. დიახ, მე მინდა მშვიდობა პირველ რიგში, მე ვარ მშვიდობის მომხრე ადამიანი და ვერ ნახავთ ვერც ერთ განცხადებას, რომ ომი მინდოდეს, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი არანაირ გონივრულ კომპრომისებს არ ცნობს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner