„აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში სამუშაო ვიზიტით მყოფ პოლონეთის დელეგაციას შეხვდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პოლონურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. თორნიკე რიჟვაძემ იმედი გამოთქვა, რომ დელეგაციის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და პოლონეთს შორის უკვე არსებული აქტიური პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
დღესვე ბათუმის ახალ ბულვარში საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა კაჩინსკიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების გაღრმავებაში.
„მოხარული ვარ რომ დღეს ბათუმში იხსნება თანამედროვე ევროპელი გამორჩეული ლიდერის, პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ძეგლი. პრეზიდენტმა კაჩინსკიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების გაღრმავებაში, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერაში. ქართველ ხალხს ახსოვს და ყოველთვის ემახსოვრება პრეზიდენტ კაჩინსკის განსაკუთრებული სიმამაცე და ვაჟკაცობა ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე წუთებში. ჩვენ, ყველა ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ამ მართლაც გამორჩეულ ევროპელ ლიდერს“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.
პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კულტურულ-ჰუმანიტარულ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში დინამიურად ვითარდება. წარმატებულია თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე.