კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს ეხმაურება, რომელმაც Twitter-ზე დაწერა: „საქართველო, დარწმუნებული ხარ, ევროკავშირში გაწევრიანება სტალინის სუვენირებით გინდა?“
რასა იუკნევიჩიანემ Twitter-ზე ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ერთ-ერთ მაღაზიაშია გადაღებული, სადაც სტალინის გამოსახულებით სუვენირები იყიდება.
„მარტივი სიმართლე ისაა, რომ სუვენირებს მსოფლიოს ნებისმიერ აეროპორტში ვიზიტორები ყიდულობენ და არა ადგილობრივი მოსახლეობა. ასევე, თავისუფალი ბაზრის პრინციპიდან გამომდინარე, მიწოდებას მოთხოვნა განაპირობებს. მაშასადამე, თქვენ უნდა გრცხვენოდეთ, ვიზიტორებს და არა ადგილობრივებს. რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში არის ინვალიდთა სახლი, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტის პატივსაცემად აშენდა, რომელმაც მე-19 საუკუნეში ევროპაში სისხლისღვრა მოაწყო. თუმცა, ამან ხელი არ შეუშალა საფრანგეთს ევროკავშირში გაწევრიანებაში, ისევე როგორც ნაპოლეონ ბონაპარტის ქანდაკებების გაყიდვამ პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტის სუვენირების მაღაზიებში“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.