„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვიდრე ილაპარაკებენ ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერის ჩართვაზე პარლამენტში და გამოსვლაზე, ჯერ ბოდიში მოიხადონ საქართველოს, ჩვენი სამშობლოს წინაშე, რაც ამ წუთამდე ამ მოთხოვნის დაყენებამდე აკეთეს საქართველოს დასაზიანებლად“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უკრაინაში თავისი კონტაქტები გამოიყენეს საქართველოს დასაზიანებლად.
„უკრაინას ყველა პლატფორმიდან მხარს ვუჭერთ, ეს გააგებინონ, აუხსნან, ბოდიში მოიხადონ, რაც იბოროტეს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და დავფიქრდებით, არათუ გადავწყვეტთ, დავფიქრდებით რომელიმე მათ წინადადებას სერიოზულად შევხედოთ, თუ არა. ომისა და ღალატის პარტიის რომელიმე წინადადებას სერიოზულად შევხედავთ თუ არა, ბოდიშს რომ მოიხდიან ჰიბრიდული ომის წარმოების გამო, ამის შემდეგ დავიწყებთ ამაზე ფიქრს.
ქალბატონი ხატია ამბობს, რომ ჩვენ დავუკავშირდით ადმინისტრაციას და გადაწყდა, რომ ჩაერთვება, ალაგებენ იქ ურთიერთობებს თავისი ჭკუით. ჯერ ქალბატონმა ხატიამ იმაზე იფიქროს, რომ მათი გამოისობით და დარწმუნებული ვარ, ლომის წილი ამაში მათ ჰქონდათ, თუ მთლიანად მათი შემოქმედება არ არის ის, რომ გაიწვიეს ამ ქვეყნიდან ელჩი. დღეს უკრაინას საქართველოდან ელჩი ჰყავს გაწვეული და ისინი ახლა შუამდგომლობას აყენებენ ჩვენ წინაშე, რომ ამ ქვეყნის ხელმძღვანელი ჩაგვერთოს, ჯერ მათ უნდა იფიქრონ, როგორ გამოასწორონ მათი ბოროტების შედეგი. ამის შემდეგ დავფიქრდებით მათ დაყენებულ ამ და სხვა ნებისმიერ ინიციატივაზე სერიოზულად შევხედოთ თუ არა“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ასეთი საკითხები არ გვარდება ოპოზიციასა და რომელი ქვეყნის ხელისუფლებას შორის, ასეთი საკითხები გვარდება, ლაგდება და თანხმდება ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის.
„ასეთ თემებს ალაგებენ ხელისუფლებები ერთმანეთთან მოლაპარაკებების გზით. რომელი მოლაპარაკებებიც ასე საჯაროდ არ ხდება, ხდება დახურულ ფორმატში. ხატია დეკანოიძის, „ნაციონალური მოძრაობის“, ომისა და ღალატის პარტიის დასალაგებელი არ არის ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერი წარდგება თუ არ წარდგება, რის გამო წარდგება, თუ არ წარდგება საქართველოს პარლამენტის წინაშე. ამას საჭიროების შემთხვევაში დააინიცირებს საქართველო და მისი ხელისუფლება ან უკრაინა და მისი ხელისუფლება, ვისაუბრებთ ამ თემაზე, როდის არის საჭირო, რატომ როგორ და ა.შ. ხატია დეკანოიძის დასალაგებელი და შესათანხმებელი ეს თემა არ არის, მით უმეტეს იმ ადამიანის, რომელიც გამოდის უკრაინული ტელევიზიის ეთერში და ამბობს, რომ საქართველოა ის ქვეყანა, რომლის ხელისუფლებაც შავ ხვრელებს ეძებს, რომ პუტინს დაეხმაროს მკვლელობებში. ამ ღალატის ავტორის დასალაგებელი არ არის ორ ხელისუფლებას შორის დასალაგებელი საკითხები. ნებისმიერი საკითხი, რასაც ისინი დააყენებენ, რაც არ უნდა კეთილშობილურ იდეად და მიზნად გვესახებოდეს თითოეულ ჩვენგანს, უნდა გავატაროთ ეჭვის უსერიოზულეს ფილტრში, პარალელურად რას გეგმავენ და რისთვის სჭირდებათ ეს ერთი შეხედვით კარგი რამ.
როცა დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო ებრძვის ბოროტებას, რუსულ ოკუპაციას, ჩვენ პარალელურად უნდა ვებრძოლოთ ყველა პოლიტიკურ არენაზე და პლატფორმაზე ამას რისკებს“, - განაცხადა მდინარაძემ.