„როდესაც ჩვენ გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე ვართ, საქართველოს მხრიდან ეკონომიკურ სანქციებზე საუბარი სრული ნონსენსია. ეს სანქციები ოკუპანტ ქვეყანას ვერაფერს დააკლებს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციაში რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები გვყავს, რომლებიც მანიპულირებენ, პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამენ, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს არ ემსახურება.
„მესმის, რომ მათ [რადიკალურ ოპოზიციას] სურთ გარკვეული პროვოკაციული სცენარის განვითარება. ის, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა ეს მათი ბელადის, მსჯავრდებული სააკაშვილის უკანონოდ საზღვრის კვეთის ფაქტის დაფიქსირებითაც ნათელია. ჩვენი საზოგადოება ნათლად აფასებს, რისთვის ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში მალულად, რატომ არჩევნების წინა დღეებში და რა იგეგმებოდა.
ევროპის შუაგულში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე და ამ ხალხს უწევს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ჩვენი ტერიტორიები ასევე ოკუპირებულია, ჩვენ არ გვაქვს იმისი ეკონომიკური რესურსი, რომ რაიმე ტიპის სანქციებთან დაკავშირებით პოზიციონირება მოვახდინოთ, ვინაიდან 2012 წლამდე მთელი რიგი ენერგორესურსები რუსული სახელმწიფო კომპანიებს გადაეცა მაშინდელი ხელისუფლების პირობებში, სწორედ 2012 წელს აგვისტოს ომიდან 4 წლის შემდეგ უვიზო რეჟიმი დაუწესეს რუსეთს მოქალაქეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ. აი ამ პირობებში, როდესაც ჩვენ გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე ვართ საუბარი საქართველოს მხრიდან ეკონომიკურ სანქციებზე სრული ნონსენსია. ეს სანქციები ოკუპანტ ქვეყანას ვერაფერს დააკლებს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.