ოზურგეთის მერმა სხდომაზე ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში მიმდინარე მშენებლობებზე, რომელიც უნებართვოდ ან სტანდარტების დარღვევით განხორციელდა.
„მეორე საკითხი, რასაც მინდა დღეს შევეხო, გახლავთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ის მშენებლობები, რომელიც უნებართვოდ ან სტანდარტების დარღვევით განხორციელდა. ამ პროცესმა ბოლო წლებში ერთგვარად ქაოტური სახე მიიღო და ეს დარღვევები, სახელმწიფო აუდიტის ახალ დასკვნაშიც არის ასახული. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ზედამხედველობა ახალ მშენებლობებზე არასათანადოდ ხორციელდებოდა, რის შედეგადაც არაერთი ისეთი მშენებლობა მივიღეთ, რომელიც სტანდარტებს არ შეესაბამება და ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ქალაქის და სოფლების ინტერესებთან. მერად ჩემი არჩევის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი დავალება რაც გავეცი - იყო ზედამხედველობის პროცესის მოწესრიგება. შესაბამისად, უკვე ამა წლის 15 მარტის მდგომარეობით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაჯარიმდა 28 ობიექტი, რომელიც კანონმდებლობის და სტანდარტების დარღვევით შენდებოდა ან აშენდა. ჯარიმების საერთო ოდენობა 188 000 ლარს შეადგენს, რომელიც ბიუჯეტში ჩაირიცხება. პარალელურად მიმდინარეობს 7 ობიექტზე სავარაუდო სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტებზე საქმისწარმოება, სადაც საჯარიმო თანხის ოდენობა ჯამში შეადგენს 94 000 ლარს.
მადლობას ვუხდი ზედამხედველობის სამსახურს და მის ხელმძღვანელს ჯეროვანი მუშაობისთვის - მათ აქვთ ჩემი მხარდაჭერა, რომ კანონის დაცვით, მკაცრად, მაგრამ სამართლიანად განაგრძონ მუშაობა ამ თემაზე. ამავე დროს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა და განვითარება და მის ბაზაზე შეიქმნას მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც მობილობის, მომსახურების, დარღვევების იდენტიფიცირების და ადმინისტრირების თვალსაზრისით გაცილებით ეფექტური იქნება. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სწორად განვითარებას, დაზოგავს დროს და დანახარჯებს როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე, კერძო სექტორისთვის“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მერმა ყურადღება გაამახვილა არის პარკირების არსებული სისტემა.
„აუდიტის სამსახურმა აქაც სერიოზული დარღვევები გამოავლინა, რაც მიუთითებს, რომ პარკირების სისტემა ოზურგეთში არასწორად იმართებოდა და აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მიღებული შემოსავალი სათანადოდ არ ხმარდებოდა მუნიციპალიტეტს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. მივიღეთ გადაწყვეტილება მოვახდინოთ პარკირების მართვის ცენტრის შერწყმა შპს “მუნიციპალურ ტრანსპორტთან” ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების მიზნით. აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამდებობიდან განთავისუფლდა შპს “მუნიციპალური ტრანსპორტის” დირექტორი და დაინიშნა ახალი ხელმძღვანელი. პარკირების მიმართულებით არის მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის ტაქსებთან დაკავშირებით და ჩვენ შევეცდებით, ეს საკითხები უფრო სწორად და მოქალაქეებისთვის კომფორტულად დავარეგულიროთ“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა სხდომაზე.