თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე მიესალმება დედაქალაქის მერიის და საკრებულოს გადაწყვეტილებას, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების შესახებ. განცხადება ამის შესახებ კახა ლაბუჩიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეღავათი წესდება, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს ბაღში რეგისტრაციის პროცედურებს გაუმარტივებს“, - განაცხადა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ქვეყნის განგრძობადი ოკუპაციის და სამხედრო აგრესიის პირობებში სოლიდარობის მნიშვნელობა ძალიან დიდია.
„ამ პოზიტიური ცვლილების განხორციელებაში, რომელიც საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების კეთილდღეობასა და მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, აბსოლუტური ერთობა გვაქვს. რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის განგრძობადი ოკუპაციის და უკრაინაში ომის პირობებში სოლიდარობის მნიშვნელობა და საჭიროება კარგად გვესმის. სწორედ ამიტომ, მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება და უკრაინის მოქალაქეებს, ყველაზე მძიმე ცხოვრებისეულ პერიოდში, მუნიციპალურ სერვისებზე თავისუფალი და უფასო წვდომისთვის ყველანაირი პირობა შევთავაზეთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ საკრებულოს სხდომაზე.