„კონკრეტული ვადების დასახელება საკმაოდ რთულია, მაგრამ ცხადია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს,“ - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას საქართველოს ელჩმა უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილმა განაცხადა.
მან უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების: გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურებზე ისაუბრა.
„ეს დამოკიდებულია, თუ როდის იქნება ორივე ცხედარი პროზექტურაში. შემდეგ დავიწყებთ ტექნიკურ პროცედურებს. გარკვეული სირთულეები აქაცაა, რადგან პოლონეთის გავლით უნდა გადმოასვენონ. გვქონდა კომუნიკაცია პოლონეთის საელჩოსთან. ტექნიკური თვალსაზრისით ყველაფერი გარკვეულია. ობიექტური სირთულეები დაკავშირებულია საომარ მოქმედებასთან, გზებზე არსებულ პრობლემებთან და ასე შემდეგ. ამიტომ კონკრეტული ვადების დასახელება საკმაოდ რთულია. ცხადია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“, - განაცხადა უკრაინაში საქართველოს ელჩმა.
მისივე თქმით, მათ კომუნიკაცია ჰქონდათ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, გარდაცვლილთა ოჯახები ყველა გარემოების შესახებ ინფორმირებული არიან.
უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.