logo_geo
eng_logo
გოგი დოლიძის „მოპარული“ სიმღერა
- +

8 მარტი. 2016. 11:37



თავიდანე გეტყვით, მეღიმება ხოლმე, როცა მესმის გოგი დოლიძე მსმელი კაცი იყოო! მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვინმე სუფრიდან დაუმეგობრდა, სასმელის მოყვარული გოგი არავის ახსოვს. ქეიფი სხვა საქმეა და ამაში დიდოსტატი გახლდათ. ერთხელ თამაზ ტყემალაძემ იხუმრა: თავანკარა კახურით სავსე ჭიქას გოგი ისეთი სახით მიიტანს ტუჩთან, ღვინო აღარ მოგინდებაო. ასეც იყო. არც ერთ წვეულებაზე დროზე არ მისულა და იშვიათად სადმე ბოლომდე რომ დაჩენილიყო. ბუნებით საკმაოდ მორიდებული, ხათრიჯამობის კაცი იყო და უარის თქმა უჭირდა, თორემ ქეიფისა და დროსტარებისთვის ნაკლებად ეცალა.



ტელევიზიის უფროსი რედაქტორი იყო. ამის გამო  მუდამ დღე ჩაწერებსა და მივლინებებს ვერ აუდიოდა, ორ ფოლკლორულ ანსამბლს ამეცადინებდა და რადიოში, ტელევიზიასა და „მელოდიაში" ხომ თვითონაც წერდა სიმღერებს. გასაკვირი ის უფრო იყო, ამდენს რომ ასწრებდა. იცლიდა ყველასთვის  და ყველაფრისთვის, საკუთარი თავისა და ჯანმრთელობის გარდა.



ერთი დღე იყო, დაემთხვა და ტელევიზიიდან ორივენი გვიან გამოვედით. მე ღამის „მოამბეზე" ვმუშაობდი. გოგიმ რომელიღაც ანსამბლის გადაღება დაამთავრა. მანქანაში ჩავსხედით და რომ ნახა, მისი სახლისკენ, გოგოლის ქუჩისკენ ვაპირებდი წასვლას, გამაჩერა - სახლში არ მივდივარ, საბურთალოზე ავიდეთო. საათს დავხედე, - 12 ხდებოდა. მისვლას დავპირდი, მელოდებიან და ვერ მოვატყუებო,  - თქვა. ლოდინიც არის და ლოდინიც. მართლა გავოცდი, როცა იმ შუაღამისას ხელუხლებელ სუფრასთან აღმოვჩნდით. დაახლოებით საათნახევარი საკმარისი იყო იმისთვის, რომ იქ „დასახარჯი" ბოლომდე დაეხარჯა, თანაც ისე, რომ ორი ჭიქაც არ დაულევია. წამოსვლისას საჭესთან თვითონ დაჯდა. ჩემს სახლთან რომ მივედით, დამშვიდობება დავაპირე,  ტაქსით ხომ არ წავიდოდა, მაგრამ თვითონაც გადმოვიდა და მანქანა ჩაკეტა. გაოცება და წყენა რომ შემატყო, მარტო მას რომ სჩვეოდა, ისეთი გულღია სიცილით თქვა: ბიჭო, ყველასთვის ვმღერი და დედაშენმა რა დააშავაო?! მაშინ დედა მძიმედ იყო ავად. ბუნებრივია, ორივეს არ გველოდა. გოგიმ სავარძელი პიანინოსთან მიაჩოჩა, დედა ლოგინიდან თავისი ხელით წამოაყენა და სავარძელში ჩასვა. მერე იჯდა პიანინოსთან და დიდხანს, დიდხანს მღეროდა დედაჩემის ახალგაზრდობისდროინდელ  ულამაზეს მელოდიებს.



მარტო იყო, გარშემო ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა. „ზურიკელასი" არ იყოს, იმ ღამით არ გვეძინა არც ჩვენ  და არ ეძინათ არც ჩემს მეზობლებს. თბილისური ზაფხული იდგა. ფანჯრები ყველას ღია ჰქონდა. მისი მეგობრებისთვისაც ძალზე იშვიათი სიამოვნება იყო, გვენახა და მოგვესმინა, როგორ მღეროდა გოგი დოლიძე თავისთვის...



... წასვლისას დედას თავი თავზე მიადო და უთხრა ის, რაც ცოტა ვინმეს თუ გაუგონია მისგან  და თუკი ვინმეს გაუგონია, არც გაკვირვებია: გულიკო, ძალიან, ძალიან დავიღალე და ეს პატარა დასვენება ახლა ჩვენთვის, ორივესთვის, უებარი წამალი იყოო. ხელი დასტაცა ჩემი მანქანის გასაღებს და კიბეზე დაეშვა. დედასთვის გოგის სიმღერაზე უკეთესი წამალი მართლაც რა უნდა ყოფილიყო.



ის კი ასე, მხოლოდ შუაღამისას, თუ „მოიპარავდა" სხვებისთვის განკუთვნილი საკუთარი ცხოვრებიდან დროის მცირე მონაკვეთს, რომ სულ ცოტა ხნით მაინც თავისი სიამოვნებისთვის ემღერა და ეთქვა - „დავისვენეო"...







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner