„დანია მხარს დაუჭერს ყველა შესაძლო მკაცრ სანქციას, მათ შორის საზღვაო პორტებზე წვდომის შეზღუდვას, ხმელეთზე რუსული-ბელარუსული ტრანსპორტის შეზღუდვას, ასევე სხვა სახის სანქციებს, მზად ვართ, გავაკეთოთ მეტი, რათა შევაჩეროთ ეს აგრესია“, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღის წესრიგის მთავარი თემა რუსეთის აგრესია და უკრაინაში ომია.
„ჩვენ ვხედავთ რუსული მხრიდან განურჩეველ სამხედრო მოქმედებებს მოქალაქეების, სკოლების, საავადმყოფოების წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ თავდასხმა ხორციელდება სამოქალაქო შენობებზე, მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს არის სავარაუდო ომის დანაშაულები და ამას უნდა მოჰყვეს შედეგები. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ პუტინი განაგრძობს უკრაინაში ქალაქების დაბომბვას და მე ამას უმკაცრესად ვგმობ. ჩვენ ასევე უნდა განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია უკრაინის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, უსაფრთხოების მხრივ მხარდაჭერის გაგრძელება. ყველა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზეა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა შევაჩეროთ პუტინი და მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა იეპე კოფოდმა.
მისივე განცხადებით, დანია მხარს დაუჭერს ყველა შესაძლო მკაცრ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ.
„ევროკავშირში ჩვენ დავაწესეთ სანქციები რუსეთის ეკონომიკის, პუტინის, ოლიგარქების, ომის მანქანის წინააღმდეგ. დანიის მხრიდან ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა შესაძლო მკაცრ სანქციას, რომელზეც შევთანხმდებით, მათ შორის საზღვაო პორტებზე წვდომის შეზღუდვას, ხმელეთზე რუსული-ბელარუსული ტრანსპორტის შეზღუდვას, ასევე სხვა სახის სანქციებს. ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ მეტი, რომ შევაჩეროთ ეს აგრესია. ჩვენ ასევე განვიხილავთ, როგორ შეუძლია ევროკავშირს, გამოიყენოს თავისი გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური წონა, რათა უზრუნველყოს, რომ მსოფლიოს მესამე ქვეყნებმა აირჩიონ ისტორიის სწორი მხარე და შემოგვიერთდნენ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის დაგმობაში, რუსეთის პოლიტიკურ იზოლაციაში, რომ მათ იმუშაონ ჩვენთან ერთად, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და უკრაინაში ომის შესაჩერებლად“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.