„უკრაინა, საქართველო და მოლდოვა თანაბრად იმსახურებენ ევროპული ოჯახის წევრობას“,- ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ განაცხადა.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებს შედეგი მოჰყვეს, ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს, მაგრამ იმისთვის, რომ ამ დიალოგს შედეგი ჰქონდეს, აუცილებელია ცეცხლი შეწყდეს. რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ჯარები გაიყვანოს. ვგმობთ რუსეთის მიერ განხორციელებულ შეტევას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. დღეს უნდა განვიხილოთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. დამატებით უკრაინის მხარდასაჭერად, აუცილებლად მისაღებია ახალი სანქციები, მაგრამ ამავდროულად ომის დროს რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასაც ეფექტურად უნდა ვებრძოლოთ. საჭიროა რუსეთის მეტი იზოლაციაც. უნდა ვიფიქროთ ევროპულ პერსპექტივაზე. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა თანაბრად იმსახურებენ ევროპული ოჯახის წევრობას”, - აღნიშნა ბოგდან აურესკუმ.