logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ათასობით ქართველი შეეწირა რუსულ აგრესიას, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა სისხლითა და ვაებით გავლილი, მოვედით დღემდე და გვინდა მშვიდობა საქართველოსთვის
- +

21 მარტი. 2022. 19:14

 

 

„საქართველოს ნურავინ ნურაფერს აყვედრის, ათასობით ქართველი შეეწირა რუსულ აგრესიას. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა სისხლითა და ვაებით გავლილი. მოვედით დღემდე და გვინდა მშვიდობა საქართველოსთვის,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო გვერდით უდგას უკრაინას ძალიან ბევრი მიმართულებით.

 

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში უამრავ მოწოდებას, რეზოლუციას მიუერთდა საქართველო და ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო მუხლჩაუხრელად მუშაობს საერთაშორისო ასპარეზზე იმისთვის, რომ ყოველთვის ვიყოთ მოწინავეთა რიგებში, ყველა ფორუმზე, შეკრებაზე, რომელიც ეძღვნება პუტინის მიერ უკრაინაში დატრიალებულ საოცარ ტრაგედიას. ეს ყოველივე ცალსახად ძალიან დადებითად არის შეფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. დღეს რამდენიმე ექსპერტის შეფასება მოვისმინე, რომ საქართველო რიგში დგას, თუ ჩვენ არ აღვუდექით ამ რუსულ აგრესიას უკრაინაში. მათ ავიწყდებათ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო რუსული აგრესიის. ეს არ დაწყებულა 2008-ში, ეს 1992 წელს დაიწყო და სოხუმის დაცემით დასრულდა, შემდეგ უბედურება მოხდა ცხინვალში, ეს იყო ქართველების გენოციდი. 2008 წელს ჩვენ ერთი-ერთზე დავრჩით ამხელა სამხედრო მანქანის წინაშე. გული მწყდება, რომ მსოფლიო მაშინ ერთიანი არ იყო და ვერც ჩვენმა უბედურებამ შეკრა საერთაშორისო თანამეგობრობა. ამიტომ ჩვენ ნურავინ ნურაფერს გვაყვედრის. ათასობით ქართველი შეეწირა რუსულ აგრესიას. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა სისხლითა და ვაებით გავლილი, მოვედით დღემდე და გვინდა მშვიდობა საქართველოსთვის, ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოებისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის. მოგეხსენებათ, უამრავი ადამიანი შემოეხიზნა საქართველოს, რომლებიც ამ ომს, პუტინის საოცარ პოლიტიკურ აგრესიას გამოექცნენ, როგორც რუსეთიდან ასევე სხვა ქვეყნებიდან. ჩვენი არჩეული ეს პოლიტიკაც არის მიმართული იქით, რომ მშვიდობა იყოს ქვეყანაში და დავუდგეთ გვერდზე მებრძოლ უკრაინელ ხალხს ძალიან ბევრი მიმართულებით“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner