logo_geo
eng_logo
მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში დათმობებზე არ მიდის
- +

22 მარტი. 2022. 13:07

 

 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის და ამავდროულად, რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების დროს უკრაინული დელეგაციის წევრის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მომლაპარაკებლებს შორის კონტაქტი ყოველდღიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, უკრაინა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში დათმობებზე არ მიდის. ამის შესახებ პოდოლიაკმა „ბიბისისთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ვირტუალური მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს. ბევრი სადავო საკითხია, რადგან პრეზიდენტმა მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების ფუნდამენტური გარანტიების შესახებ, ანუ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ასპექტები. ონლაინრეჟიმში მიმდინარე მოლაპარაკებებში ბევრი საკონსულტაციო ჯგუფია ჩართული“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

მისი თქმით, მოლაპარაკებების სტრუქტურა რთულია. არის მომლაპარაკებელი ჯგუფი და სხვა ბევრი ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა ფორმატში მუშაობენ. გარდა ამისა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ორივე მხარის პოლიტიკური მრჩევლები.

 

„პოლიტიკური მრჩევლები აქტიურად მუშაობენ საკონსულტაციო რეჟიმში. გარდა ამისა, არის იურიდიული ჯგუფები, რომლებმაც ყველაფერი უნდა გადაამოწმონ. ასევე არსებობს საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც აანალიზებენ იმას, როგორ აღიქვამს ამას უკრაინული საზოგადოება“, – დაამატა პოდოლიაკმა.

 

პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დელეგაციებს შორის არსებობს შეთანხმება, რომ არ განიხილონ „სამშვიდობო დოკუმენტის“ განვითარება იქამდე, ვიდრე მხარეები არ შეთანხმდებიან იმ კომპრომისულ პოზიციაზე, რომლის გასაჯაროებაც შესაძლებელია.

 

ამის მიუხედავად, „რუსულ მხარეს ხშირად გამოაქვს ღიად საკუთარი ამბები“, რათა უკრაინულ მხარეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს და უკრაინულ საზოგადოებაში კონფლიქტი გამოიწვიოს.

 

„არის რუსეთის ფედერაციის პოზიცია – ეს არის პროპაგანდა, მათ თავი ჩაიგდეს ილუზიაში იმაზე, თუ როგორ არის სამყარო აგებული. არის უკრაინული პოზიცია, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საჯაროდ გამოთქვა: ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის მთავარი ღირებულებებია. წერტილი. რაც შეეხება თავად მოლაპარაკების პროცესს, ეს მიმდინარეობს იმისთვის, რომ გავიგოთ, სად და რამდენად შევთანხმდებით. თუ ვერ შევთანხმდებით, ვიტყვით. უკრაინა დათმობებზე არ მიდის, რადგან ეს არის ჩვენი თავისუფლება და მთლიანობა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

აქვე პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ არ იცის, რისთვის არის რუსეთის ფედერაცია მზად. მისი თქმით, რუსებს ცუდად ესმით თანამედროვე სამყარო და უკრაინა, ომამდე „სუსტი ანალიტიკის“ გამო, ისინი საბედისწერო შეცდომებს უშვებდნენ“, რადგან არასწორად შეაფასეს, როგორც საკუთარი, ისე უკრაინის რესურსები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner