logo_geo
eng_logo
Reuters: ევროკავშირი უკრაინის აღდგენის ფონდს შექმნის
- +

22 მარტი. 2022. 19:37

 

 

ევროკავშირის ლიდერები მიმდინარე კვირაში საერთაშორისო ფონდის შექმნაზე შეთანხმდებიან, რომელიც უკრაინას ომის შემდეგ აღდგენაში დაეხმარება. ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერების სამიტის განცხადების პროექტშია ნათქვამი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების, ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო ობიექტების განადგურებას ომის შემდეგ აღსადგენად უზარმაზარი თანხები დასჭირდება.

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინას მიყენებული ნგრევისა და უზარმაზარი ზარალის გათვალისწინებით, ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას გადაუდებელი საჭიროებებისთვის და, როგორც კი რუსული შემოტევა შეწყდება, დემოკრატიული უკრაინის აღდგენისთვის. ამ მიზნით, ევროპული საბჭო თანახმაა, შექმნას უკრაინის სოლიდარობის ფონდი, - ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების სამიტის განცხადების პროექტში, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი გაეცნო.

ევროკავშირის ლიდერების სამიტი ბრიუსელში 24-25 მარტს გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner