logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ცესკოს მიერ დანერგილმა იმიტირებულმა არჩევნებმა თავისი სიმარტივითა და გამართულობით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა
- +

22 მარტი. 2022. 21:50

 

 

„ცესკოს მორიგი წარმატებული პროექტი! ცესკო საარჩევნო პროცესში სიახლეების დანერგვას განაგრძობს, დღეს დავესწარი ბათუმში გამართულ იმიტირებულ არჩევნებს, რომელმაც თავისი სიმარტივით, ტექნოლოგიური გამართულობით და გამჭირვალობით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოსთვის ელექტრონული არჩევნების დანერგვა ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება:

„იმიტირებული კენჭისყრა სრულად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, კერძოდ გამოყენებული იქნა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები. საარჩევნო პროცესმა პროცედურების სრული დაცვით, ექსცესების და ხარვეზების გარეშე ჩაიარა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ე.წ. ვერიფიკაციის პროცედურა, რომელიც საგრძნობლად არის გამარტივებული და ყოველგვარ მანიპულაციას გამორიცხავს, ასევე, მნიშვნელოვანია ხმის დათვლის პროცესი, რომელიც ელექტრონული სისტემის დანერგვის შემთხვევაში დროში საგრძნობლად მცირდება და შედეგებს რამდენიმე წამში გვაწვდის. ელექტრონული არჩევნების ჩატარებისას კენჭისყრის პროცედურაში ადამიანის ჩართულობა მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც გადაღლით და სტრესული ფონით გამოწვეული შეცდომის ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს. საქართველოსთვის ელექტრონული არჩევნების დანერგვა ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება! აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად ცესკო მუდმივ რეჟიმში ნერგავს სიახლეებს და ხვეწს საარჩევნო პროცესს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner