logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: ვფიქრობ, მოსახლეობამ უნდა გამოიყენოს „პაქსლოვიდი“, როდესაც ამის საჭიროება დადგება, მაგრამ ექიმებს მოუწევთ ამაზე მუშაობა, განმარტება
- +

23 მარტი. 2022. 10:55

 

 

თამარ გაბუნიამ „იმედის დილაში“ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ „პაქსლოვიდზე“ ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა რა კატეგორიის პაციენტების მიიღებენ მედიკამენტს, რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობის კურსი. მან ასევე აღნიშნა, რომ წამალს აქტიურად იყენებენ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში და შედეგები დადებითია. გაბუნია ვარაუდობს, რომ მედიკამენტი საზოგადოებაში მეტ ნდობას გამოიწვევს, ვიდრე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები.

 

„ზოგადად, მედიკამენტის მიმღებლობა უკეთესია, ვიდრე ვაქცინების. ვაქცინა სამომავლო რისკს აზღვევს, რისი აღქმაც შეიძლება ყველა შემთხვევაში მძაფრი არ ჰქონდეს ადამიანს, რომელიც თვლის, რომ მისთვის ეს არასოდეს გახდება პრობლემა და ფსიქოლოგიურად ბუნებრივი იმუნიტეტის განცდა აქვს. ამიტომ, უარს ამბობს ვაქცინაზე. აქ უკვე დამდგარია ეს მომენტი, ანუ დამემართა [ვირუსი], ვდგავარ რისკის წინაშე, ვიცი რომ მაქვს რიგი სხვა დაავადებები, რამაც შეიძლება დაამძიმოს ჩემი მდგომარეობა და მეცნიერება მთავაზობს წამალს, რომელიც არის ეფექტიანი, გვერდითი მოვლენები აქვს მინიმალური. ჩვენთან ძალიან პოპულარულია ანტიბიოტიკების გამოყენება იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა. ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება იმდენად დიდი ზიანის მომტანია და ამაზე რატომღაც არ ვფიქრობ. ამ შემთხვევაში კი მეცნიერება მთავაზობს წამალს, რომელიც რეალურად არის გადარჩენის შესაძლებლობა. ვფიქრობ, ეს უნდა გამოიყენოს მოსახლეობამ, როდესაც ამის საჭიროება დადგება. მაგრამ ექიმებს მოუწევთ ამაზე მუშაობა, განმარტება, მოსახლეობას მეტ ინფორმაციას მივაწვდით“, - აღნიშნა გაბუნიამ.

 

საქართველოში Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის, „პაქსლოვიდის“ პირველი პარტია 22 მარტს ჩამოვიდა. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც პრეპარატი მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner