თბილისის მერი დავით ნარმანია კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად კოსტავას ქუჩის მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო.
გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას ფარგლებში, მოხდება გზის ასფალტის საფარის დემონტაჟი და დაიგება ახალი ორფენიანი საფარი. საგზაო სამუშაოები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან - 26 მაისის სახელობის მოედნამდე მიმდინარეობს.
„ინტენსიურად, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები 26 მაისის მოედანზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან მოედნამდე იგება ასფალტის საფარი. იგება ასფალტის ორი ფენა, გასწორდება ჭის თავსახურები, დაიხაზება ტერიტორია. ვცდილობთ, ნაკლები დისკომფორტი შეექმნას მძღოლებს და სამუშაოები სწრაფად დასრულდეს", -განაცხადა ნარმანიამ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 აგვისტოს დაიწყო და 20 კალენდარულ დღეში დასრულდება. სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს "ენ სი სი" აწარმოებს.