არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა. კალაძის თქმით, ამ ორგანიზაციების განცხადებები მისთვის არაფერს ნიშნავს.
„ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ვიცით, „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილია თავიანთი ქმედებებით, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით. ასე რომ, მათი განცხადება ამასთან დაკავშირებით, პირადად ჩემთვის არაფერს ნიშნავს", - განაცხადა კალაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: „მმართველმა ძალამ ღიად უნდა დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოქალაქეების ომით დაშინება“.