პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საქართველოში ჩეხეთის ელჩთან, პეტრ მიკისკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს „ქიმიური ნივთიერებების მართვის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელზეც მუშაობა, ევროკავშირის რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CZDA) მხარდაჭერით მიმდინარეობს, „ქიმიური ნივთიერებების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერება"-ს პროექტის ფარგლებში. კანონპროექტის მიზანია ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემის გაუმჯობესება.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს „მასშტაბური ავარიების საფრთხეების კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის სამუშაო ვერსიაზეც.
„ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველომ თავის თავზე აიღო მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ვალდებულებები, მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქიმიური ნივთიერებების მართვა. აქედან გამომდინარე მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მთავრობას გამოცხადებული მხარდაჭერისთვის და მათი ჩართულობისთვის ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების ტრანსპოზიციის პროცესში. კერძოდ, ინდუსტრიული ავარიების პრევენციისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის გაუმჯობესებისკენ მიმართული კანონპროექტების ჭრილში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ კანონპროექტების ეფექტური აღსრულებისთვის აუცილებელია მეტი ინფორმაციის მიწოდება ყველა დაინტერესებული მხარისთვის, აქედან გამომდინარე შემდეგი ეტაპი იქნება პრეზენტაცია, რომელსაც ამ პროექტის ექსპერტები წარმოგვიდგენენ როგორც ჩვენ ასევე ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, რომ ყველა მხარე იყოს სრულიად ინფორმირებული და ჩართული ამ პროცესში“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მაია ბითაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ირმა გურგულიანი და ვასილ გედევანიშვილი. ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს უფროსი ჟანა ზელინგეროვა.