„NATO-მ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის ინდივიდუალური მხარდაჭერა უნდა გააქტიუროს“, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, NATO-ს საგანგებო სამიტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ასევე ვიმედოვნებ, რომ შევთანხმდებით, გავააქტიუროთ ინდივიდუალური მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან. მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. ევროკავშირთან თანამშრომლობით ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, დაიცვან სუვერენიტეტი და უფლება, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი.
მისი თქმით, NATO ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად.
„თუმცა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომი არ გადაიზრდება NATO-სა და რუსეთს შორის კონფლიქტში, რაც კიდევ უფრო დიდ მსხვერპლსა და განადგურებას მოიტანს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.