logo_geo
eng_logo
ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოს პროგრესზე საუბრობს
- +

9 აგვისტო. 2016. 11:27


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩმა წერილი გამოუგზავნა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან, ხელშესახებ და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ფართოდ აღიარებულ პროგრესს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით. აღნიშნულ კონტექსტში, ქალბატონი მიატოვიჩი გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს ამ სამაგალითო მიღწევის დაცვას და გაღრმავებას და შეინარჩუნებს ქვეყანაში მრავალფეროვან, აქტიურ და პლურალისტულ მედიაგარემოს. თავის მხრივ, დუნია მიატოვიჩმა მზადყოფნა გამოხატა დაეხმაროს საქართველოს ამ მნიშვნელოვან პროცესში და მიაწოდოს აუცილებელი რეკომენდაციები.


წერილში ქალბატონი მიატოვიჩი მადლობას უხდის მიხეილ ჯანელიძეს მიმდინარე წლის 6-7 ივლისს თბილისში გამართული რიგით მე-13 სამხრეთკავკასიური მედიაკონფერენციის მასპინძლობისთვის. ეუთოს წარმომადგენელი განსაკუთრებით მადლიერებას გამოთქვამს კონფერენციის მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და კონსტრუქციული ორმხრივი შეხვედრისათვის.


6-7 ივლისს თბილისში გამართულ მე-13 სამხრეთკავკასიურ მედიაკონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტმა ჟურნალისტმა, სამოქალაქო სექტორისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, მათთან ერთად საერთაშორისო ექსპერტებმა ბოსნია ჰერცეგოვინიდან, რუსეთის ფედერაციიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner