ავტორი პაატა ნაცვლიშვილი
ომის 28-ე დღისთვის, დილის მონაცემებით, რუსეთის აგრესიას უკრაინაში 125 ბავშვი ემსხვერპლა, 167 კი მძიმედ დაიჭრა. 11 წლის ტანმოვარჯიშე კატია დიაჩენკო 126-ე აღმოჩნდა. ბლოკადაში მოქცეულ მარიუპოლში, თავისი საცხოვრებელი სახლის აფეთქებისას დაიღუპა. მისმა მწვრთნელმა ანასტასია მეშჩანენკოვამ გამოაქვეყნა კატიას ფოტო „ინსტაგრამში“. გოგონას გულზე მედალი ჰკიდია. მისი ალბათ პირველი მედალი. და უკანასკნელი. ამ ნიჭიერ გოგონას სცენები უნდა დაეპყრო და ღიმილი ერიგებინაო, – დაწერა. რა გამართლება შეიძლება ამას ჰქონდეს, ბავშვებმა რა დააშავესო? – იკითხა. ყველასთვის გამზადებულია ადგილი ჯოჯოხეთში, ვისაც ამ ყველაფერში ბრალი მიუძღვისო! – იწინასწარმეტყველა.
3 წლის კირას გაუმართლა. მე რომ ვნახე ტელევიზიით, მადრიდის აეროპორტში იყვნენ ის და დედამისი – ანა ხარაზი. ასეთ დროს გვარს და ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ რომ არ დამენახა, როგორ არ ჰგავს ანა ხარაზი ქართველს და რომ არ მომესმინა, როგორ ლაპარაკობს იგი უკრაინულად, ამ გვარის პატრონი ქართველი მეგონებოდა. ან იქნებ არის კიდეც, რა ვიცი. იქნებ სად წაიყვან სადაურსა, მასზეა ან მამამისზეა ნათქვამი. მამა არა და დედა ანას თან ახლდა მადრიდში. დედაც და დედამთილიც. დონბასში რომ ომი დაწყებულა, ხარკოვში გადასახლებულან. ახლა ხარკოვიდანაც გასაქცევად გაუხდათ საქმე. თვითონაც არ იცოდნენ, საით გარბოდნენ. მადრიდში აღმოჩნდნენ და აქ ოთხივენი მარია ხოსე ანგოტიამ შეიფარა – სპეციალურად მისულა იმ დღეს აეროპორტში, რომ ვინმეს დახმარებოდა. მარიასნაირი ბევრია სხვადასხვა ქვეყანაში, ზოგან მეტი, ზოგან – ნაკლები. ესპანეთმა 25 ათასი ლტოლვილი მიიღო, პოლონეთმა – მილიონ-ნახევარი. სულ კი უკრაინა სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. თუმცა თვით უკრაინაშიც ძალიან ბევრია ლტოლვილი, რომელმაც თავისი საცხოვრებელი მიატოვა და ქვეყნის დასავლეთში პოვა დროებითი თავშესაფარი. ვინ იცის, რამდენია მათ შორის ბავშვი!
5 წლის ვანიასაც გაუმართლა. ეს ბიჭი უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გადაუღიათ ვიდეოზე და ამ ვიდეოს წყალობით იგი ამ ომის ბავშვების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა თავისი ატირებული სახით, არეული ნაბიჯით, ჭრელი პალტოთი და სათამაშოებით სავსე პარკით. ერთხანს ყველას გვეგონა, რომ დაიკარგა და იმიტომ ტიროდა. მერე აღმოჩნდა, რომ უბრალოდ, ჩამორჩა თუ გაასწრო თავისიანებს. ასე იყო თუ ისე, სანამ ეს ამბავი გაირკვა, ის ვიდეო და იქიდან ამოფოტოებული კადრები ელვის სისწრაფით გავრცელდა ათასნაირი გულისმომკვლელი ტექსტებთან ერთად. სხვაგან რა ხდებოდა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მეორე დღეს ქართულ ფეისბუქზე ატირებული ვანიათი შთაგონებული ნახატები გაჩნდა. პირველის ავტორი გახლდათ ფეისბუქზე ნენსი ვოლანდის ნიკით თუ ფსევდონიმით დარეგისტრირებული გოგონა, რომელმაც თავის ნახატს ასეთი ტექსტი დაურთო: „ვერაფერს ვხატავდი. არ ვიცოდი, ამ ომის მთელი ბოროტება და სევდა როგორ ჩამეტია ერთ ნახატში. მაგრამ დღეს დილით ამ ბავშვის ვიდეო შემხვდა“... იმავე დღეს თეკლა კალანდაძემ დადო ვანიას მისეული ნახატი: ბოდიში ბიჭოო, –წერდა, – მაპატიე, რომ მხოლოდ წარმოდგენით შემიძლია შენთან ვიყოო... მერე ლევან სონღულაშვილის ნახატი გამოჩნდა, უფრო მერე – დავით მელიქიშვილისა. ალბათ სხვა ნახატებიც იქნება. ეს – მარტო საქართველოში. და ვინ იცის, სხვა ქვეყნებში რამდენმა მიუძღვნა ნახატი თუ ლექსი ამ ატირებულ ბიჭუნას. ვინძლო ვინმე დაინტერესდეს, შეკრიბოს ეს ყველაფერი, ერთ სივრცეში გამოფინოს და ერთ ალბომად გამოსცეს.
გარდა ამისა, ვფიქრობ, ამ ომში დაღუპული ყველა ბავშვის ფოტოები უნდა აიკინძოს ერთ ალბომად და ომს გადარჩენილ თითოეულ მომხვდურს უნდა მიესაჯოს მისი თავიდან ბოლომდე თვალიერება დილა-საღამოს! უყურონ თავიანთ თითოეულ მსხვერპლს, ჩახედონ თვალებში და გასცენ პასუხი მათ სულებს, მათ მშობლებს, მათი მშობლების სულებს... მერე საკუთარ შვილებსაც, საკუთარ მშობლებსაც, საკუთარი მშობლების სულებსაც გასცენ პასუხი!.. ეს იქნება მათი ჯოჯოხეთი! მერე იქნებ თავადაც დაუსვან თავის თავს კითხვა: რატომ? რისი გულისთვის?
ამ ყველაფერს რომ ვწერ, თან ცალი თვალით ტელევიზორს ვუყურებ, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ვარ ამ დღეებში მიჩერებული. დარია ჰერასიმჩუკი ჰყავთ ჩართვაზე – უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებული ბავშვთა უფლებების საკითხებში, ანუ უკრაინის ბავშვთა ომბუდსმენი.
გამარჯვების შემდეგ ყველა დაობლებულ ბავშვს ვაჩუქებთ ოჯახსო, – დარია ამბობს, – ოჯახში ჩავაბარებთ ან გავაშვილებთ კი არა, ოჯახს ვაჩუქებთო. ომის პირველსავე დღესვე გაუკეთებიათ ჩატბოტი ტელეგრამში, სადაც დაწვრილებით გაუწერიათ, მოქმედების ალგორითმი, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ უფროსის გარეშე დარჩენილი ბავშვი ნახა ან პირიქით – თუ თავისი ბავშვი დაკარგა. ჩატბოტის გაშვებიდან ორი კვირაში უკვე 13 ათასი განცხადება შემოსულა უკრაინელთაგან. უამრავი განცხადებაა უცხოეთიდანაც, მაგრამ ძალიან ვფრთხილობთო, და ჩვენს ბავშვებს უცხოეთში თუ ვაგზავნით, მხოლოდ დაწესებულებებში ვაბინავებთ დროებით და საერთოდ არ განვიხილავთ მათ მიბარებას უცხოელთა ოჯახებში. რათა ისინი ერთი საფრთხიდან მეორე საფრთხეში არ აღმოჩნდნენო. 23 მარტს უკრაინის მთავრობას დაუმტკიცებია ბავშვთა მეურვეობის გაფორმების გამარტივებული პროცედურა მათი ნათესავებისათვის. ეს პროცედურა მხოლოდ საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე იმოქმედებსო. იმავე დღეს ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახურს რეკომენდაციად გაუვრცელებიათ მედიკოსების თხოვნა, რომ ყველა მშობელმა თავის ბავშვს სპეციალური ნიშანი შეაბას ხელზე თუ კისერზე, ჩაუდოს ყველა ჯიბესა თუ ზურგჩანთაში და თითოეულ ნიშანზე დააწეროს ბავშვის გვარი, სახელი და მამის სახელი, დაბადების თარიღი, მშობლების და სხვა ქალაქებში მცხოვრებ ნათესავთა ტელეფონების ნომრები, სისხლის ჯგუფი, ქრონიკულ დაავადებათა ჩამონათვალი და ალერგიულობა. ეს ექიმებსაც შეუმსუბუქებს საქმეს და ბავშვის დროულად და სწორად დაბინავებასაც გაადვილებსო. როცა გვეკითხებიან დაზარალებული ბავშვების რაოდენობასო, – დარია ჰერასიმჩუკი ამბობს, – ვუპასუხებთ, რომ უკრაინაში მცხოვრები ყველა ბავშვი დაზარალებულია, რადგან იგი არა მხოლოდ საკუთარი თვალით ნანახს განიცდის, უფროსების განცდაც გადაედება და ეს ყველაფერი მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება მის ფსიქიკასო...
ამასობაში, სანამ დარია ლაპარაკობს, სანამ მე ამას ვწერ, სანამ უკრაინის ქალაქები იბომბება, ცხოვრება გრძელდება და ცეცხლის ალში გახვეულ უკრაინაში ახალი და ახალი სიცოცხლე ჩნდება – ზოგიერთი პატარა უკრაინელი მეტროში იბადება, ზოგი – ბომბსაფარში, ზოგი – ტრანსპორტში...
ნეტა ომი მანამდე დამთავრდეს, სანამ ესენი, ეს ახალშობილები თვალებს აახელენ და სანამ ცეცხლმოდებული შენობებს მოავლებენ მზერას, ან სანამ სირენების ხმის გაგონებას შეძლებენ.
–––––––––––––––––––––––––––––––
2022 წლის 24 მარტი, ომის 28-ე ღამე.
ლევან სონღულაშვილის ნახატი.