„ჩვენი მზადყოფნა და სიფხიზლე მშვიდობის უმთავრესი გარანტიაა - ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, NATO-საქართველოს ერთობლივი სამხედრო სწავლების გამართვა ერთიანობის ძლიერ გზავნილს წარმოადგენს და ადასტურებს, რომ NATO აგრძელებს პარტნიორების სუვერენული მისწრაფებების მხარდაჭერას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ NATO-საქართველოს 2022 წლის სწავლებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის არსებულ მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„საჭირო დროს საქართველო ყოველთვის NATO-ს და NATO-ელი პარტნიორების მხარდამხარ იდგა, და ხშირად იმაზე ბევრად მეტად, ვიდრე საქართველოს მოეთხოვებოდა. მსოფლიოს ურთულეს წერტილებში ჩვენი ქალი და კაცი სამხედროები საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად იბრძოდნენ ამერიკელი, გერმანელი, თურქი, პოლონელი, ფრანგი, ბრიტანელი, რუმინელი და სხვა პარტნიორების გვერდით, იცავდნენ ჩვენი ქვეყნის და პარტნიორების ინტერესებს, რეგიონულ და მსოფლიო მშვიდობას და უსაფრთხოებას.
ავღანეთის და ერაყის მიწაზე 35 ჩვენმა გმირმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე გაიღო საერთო მიზნებისა და ღირებულებების დაცვისთვის, 300-ზე მეტმა კი სხეულის დაზიანება მიიღო. ქედს ვიხრი მათი სიმამაცის და სიმტკიცის წინაშე, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს ეს თავგანწირვა.
NATO-ს ავღანეთის მისიაში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მონაწილე იყო. ჩვენი მამაცი მეომრები ქალაქიდან თუ სოფლიდან, მთიდან თუ ბარიდან შორეულ ავღანეთსა და ერაყში იცავდნენ თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფასს - თავისუფლებას და სამშობლოს. სულ ბოლოს, ავღანეთიდან NATO-ს ძალების გამოსვლის დროსაც, საქართველო ერთგულად და უანგაროდ გვერდში დაუდგა პარტნიორებს და მათ ჯარებისა და ლტოლვილების ევაკუაციის ოპერაციაში დაეხმარა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, NATO-საქართველოს პარტნიორობამ, რომლის საძირკველშიც თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის და სამშობლოს სიყვარულის ღირებულებებია, ხელი შეუწყო ქართული ჯარის განვითარებას, ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას, თანამედროვედ აღჭურვას და მომზადებას.
„საქართველოს თავდაცვის ძალების 80%-მა NATO-სა და ევროკავშირის მისიების ფარგლებში ღირსეულად იმსახურა. დღეს ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს ურთულესი ამოცანების შესრულება შეუძლიათ. მოხსნილია ყველა კითხვა მათ პროფესიონალიზმსა და მზადყოფნასთან, ასევე, NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობასთან დაკავშირებით.
საქართველომ უკვე მრავალჯერ დაამტკიცა, რომ NATO-ს სანდო და გამოცდილი პარტნიორია, რომელსაც შესწევს უნარი, თავისი ღირებული წვლილი შეიტანოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი სწავლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მკვეთრად გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ისიც, რომ ეს ომი არ ეხება მხოლოდ უკრაინას, არამედ, ის საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, მთელი ევროპისა და საერთაშორისო წესრიგისთვის.
„კიდევ ერთხელ, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვიმედოვნებთ, რომ ომი მალე დასრულდება. ჩვენი მზადყოფნა და სიფხიზლე მშვიდობის უმთავრესი გარანტიაა. ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, NATO-საქართველოს ერთობლივი სამხედრო სწავლების გამართვა ერთიანობის ძლიერ გზავნილს წარმოადგენს და ადასტურებს, რომ NATO აგრძელებს პარტნიორების სუვერენული მისწრაფებების მხარდაჭერას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, თავდაცვის ძალები წინა ხაზზე ღირსეულად იდგა 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს ბომბავდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ჯანდაცვისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, უსაფრთხოების და წესრიგის უზრუნველყოფა კვლავ თავდაცვის ძალებმა იტვირთეს გლობალური პანდემიის დროსაც.
„2008 წელს, მაშინ როდესაც რუსეთი საქართველოს ქალაქებს, სოფლებს, აეროპორტებს, მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენს იმედებსა და ევროპულ მომავალს ბომბავდა, თავდაცვის ძალები ბრძოლის წინა ხაზზე ღირსეულად იდგა. 2020 წელს, როდესაც მსოფლიო პანდემია ჩვენს ქვეყანასა და ოჯახებს მძიმე განსაცდელად მოევლინა, ჯანდაცვისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, კვლავ თავდაცვის ძალებმა იტვირთეს უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა.
ხილული თუ უხილავი საფრთხეების ფონზე, დიდ იმედებს ვამყარებთ თავდაცვის ძალებზე, რომელიც ხალხს და საზოგადოებას ყოველთვის აძლევდა პატრიოტიზმის, გმირობის, ღირსების და ჰუმანურობის მაგალითებს, დღეს კი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პროგრესულ ძალას წარმოადგენს. თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს გიდასტურებთ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას და თანადგომას.
მადლიერები ვართ სწავლების მასპინძლობის შესაძლებლობისთვის და მზად ვართ, გავაგრძელოთ რეფორმების განხორციელება და NATO-სა და პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და მთელ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.