„საფრანგეთი არის საქართველოს ძალიან დიდი ხნის პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა და მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ასევე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან, ელჩს დიეგო კოლასს მოუსმინეს.
ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტისა და ქვეყნის სახელით, ელჩს მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის.
„საფრანგეთი საქართველოს ეხმარება ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიმართულებით და რაც ასევე მნიშვნელოვანია, საფრანგეთი არის საქართველოს ძალიან ერთგული პარტნიორი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პროცესში. საფრანგეთი ძალიან აქტიურად გვეხმარება იმისათვის, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მხრიდან. ეს არის ფასდაუდებელი დახმარება, რომელსაც ჩვენ საფრანგეთი აღმოგვიჩენს. გარდა ამისა, საფრანგეთი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.