„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს შეიარაღებული ძალები და მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალები გვერდიგვერდ ატარებდნენ წვრთნებს ოპერატიული თავსებადობისა და ნდობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
„ეს წვრთნები, რომელიც ჩვენ უკვე მესამედ ჩავატარეთ, ცხადყოფს NATO-ს ერთგულებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართ. ეს საქართველოსთან NATO-ს მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებაა“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა წლევანდელი წვრთნების კრიტიკულ ფონს, რომელიც გამოწვეულია რუსეთის „უკრაინაში სასტიკი და უაზრო შეჭრით“, რომელმაც „ევროპაში მშვიდობა დაარღვია“.
„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ძირითად პრინციპებს, მათ შორის ყველა ქვეყნის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა. ეს ასევე საქართველოს უფლებაა და მას პატივი უნდა სცენ. ძლიერი და ქმედუნარიანი შეიარაღებული ძალები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გასაღებია და NATO გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას“, - ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.